სტატისტიკა გალერეა
ფინალურ სერიაში „აკადემია“ დაწინაურდა. ირაკლი ტომარაძის
გაწვრთნილმა გუნდმა დღეს, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში დაძაბულ ბრძოლაში –
65:61 დაამარცხა „მართვე 165-ე სკოლა“ და ჩემპიონობას 1 ნაბიჯით მიუახლოვდა.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. აკადემიელებმა
10:0 გარღვევით დაიწყეს თამაში, თუმცა მართველები ნელ-ნელა ალაგებდნენ თამაშს და ჩამორჩენაც
პირველი მეოთხედის დასრულებამდე გააბათილეს და პირველ შესვენებაზე ლიდერის როლში გავიდნენ
– 19:17.
კარგად თამაშობდა „მართვეს“ როგორც წინა, ისე უკანა
ხაზი. სოსო გოგნაძისა და გიორგი ტუღუშის ტანდემმა გიორგაძე-დარბაიძის ტანდემს აჯობა,
რაც ანგარიშშიც გამოიხატა. „მართვე“ ბოლო პერიოდამდე ლიდერობდა, სანამ აკადემიელებმა
სწრაფი თამაშის წყალობით უპირატესობა არ მოიპოვეს. ბოლო წუთებში ტომარაძის გუნდს ტანმაღალი
დარბაიძე პერსონალურების გამო მოედნიდან გაუვარდათ, რასაც მართველებმა ტანმაღალ მოთამაშეთა
ტანდემი დაუპირისპირეს.
ამან შედეგი ვერ გამოიღო, რადგან აკადემიელებმა პერიმეტრიდან
შეუტიეს, ხოლო ფარქვეშ ლუკა გიორგაძემ 2-ჯერ შეტევაში უმნიშვნელოვანესი ბურთი მოხსნა,
რითაც „მართვეს“ მოგების იმედი გადაუწურა.
„აკადემიაში“ 17 ქულით საუკეთესო იყო გიორგი თევდიორაშვილი,
ხოლო დავით აფხაზავამ 15 ქულა მიითვალა. გიორგაძემ პირად ანგარიშზე 15 მოხსნა და 6
ქულა ჩაიწერა, ნიკა ცინცაძის 6 ქულიდან კი 5 ბოლო წუთზე მოდის. აკადემიელთა ბოლო 5
ქულა სწორედ ცინცაძემ მიითვალა. „მარტვეში“ 16 ქულით ბომბარდირი დავით ლომიძე გახდა,
სოსო გოგნაძემ და გიორგი რეხვიაშვილმა შეხვედრა 14-14 ქულით დაასრულეს.
სერიის მომდევნო მატჩის გამართვის თარიღი მოგვიანებით
დაზუსტდება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ხათუნა გაბედავა
(„მართვეს“ მთავარი მწვრთნელი): ეს მარცხი ალბათ გადაღლილობის ბრალია.
ფიზიკურად ვეღარ გავუძელით და ამის გამო შეცდომებმაც იჩინა თავი. ვეცდებით შემდეგი
მატჩებისთვის ძალები აღვიდგინოთ და ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოთ.
ირაკლი ტომარაძე
(„აკადემიის“ მთავარი მწვრთნელი): როგორც იქნა,
ჩვენი თამაში ვიპოვეთ, გამოვასწორეთ წინა მატჩებში დაშვებული შეცდომები და გამარჯვება
მოვიპოვეთ. „მართვე“ძალიან მაგარი გუნდია და ბრწყინვალე თამაში აჩვენა, მაგრამ, საბედნიეროდ,
დღეს ჩვენ აღმოვჩნდით უფრო ძლიერები.