აკადემიამ სერია გაათანაბრა

აკადემიამ სერია გაათანაბრა

„რუსთავისა“ და „აკადემიას“ ნახევარფინალურ სერიაში
მე-3, გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა, რომელიც 13 მაისს, 16 საათზე რუსთავში გაიმართება
და გადაწყვეტს იმ გუნდის ვინაობას, რომელიც ფინალში „ჰიუნდაის“ შეუწყვილდება.

 დღეს, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში აკადემიელებმა
შესანიშნავად ითამაშეს და გამარჯვება ალალად დაიმსახურეს. მართალია, მატჩის დასაწყისში
რუსთაველებმა იძალეს, საკუთარი თამაში თავზე მოახვიეს მასპინძლებს და საწყისი მეოთხედი
17:8 მოუგეს, თუმცა გელა წულაძის გუნდმა მალევე მოახერხა გამოსავლის მოძებნა. მასპინძლებმა
მეტოქეს სამწამიანში მისასვლელი გზები გადაუღობეს და პერიმეტრზეც ასწრებდნენ ასვლას.
შედეგად, რუსთაველები სამქულიანებს შედარებით მოუმზადებლად და უშედეგოდ ესროდნენ, ხოლო
აკადემიელები შორიდანაც აგდებდნენ და სწრაფი გარღვევებითაც ხეირობდნენ.

 მეორე პერიოდში აკადემიელებმა თამაშზე სრული კონტროლი
დაამყარეს. ნიკა ღურწკაიამ და ბექა დარახველიძემ სამიზნე გაისწორეს, მათმა თანაგუნდელებმა
კი დაცვაში იყოჩაღეს და მეორე მეოთხედი მასპინძლებმა 28:7 მოიგეს. დიდი შესვენებისთვის
„აკადემია“ 12 ქულით იგებდა და წარმატებული თამაში მეორე ტაიმშიც განაგრძო. შესაბამისად,
ისე მოვიდა შეხვედრის ბოლო წუთები, რომ რუსთაველებს თამაშის შემოტრიალების შანსი არ
გასჩენიათ.

 აკადემიელებს 25 ქულით ნიკა ღურწკაიამ ულიდერა, ხოლო
დარახველიძემ 21 ქულა მოაგროვა. ნიკა ცქიტიშვილმა პირად ანგარიშზე 15 მოხსნა და 6 მოხსნა
ჩაიწერა. რუსთაველთაგან ორმა კალათბურთელმა გადააბიჯა 10-ქულიან ზღვარს: ერეკლე ლორთქიფანიძე
13, გიორგი დვალი – 12.
აკადემია – რუსთავი 65:48