აკადემიელთა ოვერტაიმი

აკადემიელთა ოვერტაიმი

საკალათბურთო აკადემიის გუნდები ასაკობრივ ლიგებში შედეგიანად ასპარეზობენ. „აკადემია“ 16-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, ხოლო 18-წლამდელების ფინალში გასვლამდე 1 მოგება აშორებს. გასაკვირიც არაა, რომ „აკადემიიდან“ 16-წლამდელთა ნაკრებში არაერთი „აკადემიის“ წევრია მიწვეული. დავით აფხაზავა, ლუკა ბულაშვილი და ნიკა დარბაიძე „აკადემიის“ 16-წლამდელთა გუნდის ლიდერები არიან და დახმარებას 18-წლამდელებსაც უწევენ. დარბაიძე გორელია, აფხაზავა – ბათუმელი, ბულაშვილი კი თბილისელი, მთლიანობაში კი ისინი საქართველოს სახელს იცავენ – ეს სამეული 16-წლამდელთა ნაკრებშიც არის მიწვეული. შესაბამისად, სეზონის მანძილზე მათ 3 გუნდში უწევთ ასპარეზობა, რაც მათ განვითარებას და თავისთავად, დაახლოვებას უწყობს ხელს. ისინი დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმრები არიან…
 
სეზონი 2013-2014
დავით აფხაზავა: წელს პირველად ჩატარდა თბილისის ჩემპიონატი, სადაც დიდი გამოცდილება მივიღეთ. თბილისის პირველობის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატში კონკურენტუნარიანი გუნდები მონაწილეობდნენ და სეზონი  ჯამში დაძაბული და სანახაობრივი გამოვიდა. ამასთან, ნახევარფინალები წელს სამ მოგებამდეა და ეს ჩემპიონატს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
ლუკა ბულაშვილი: თბილისის ჩემპიონატით კმაყოფილი ვართ, რადგან ბევრად მეტი თამაში მოგვიწია. გუნდებიც გაძლიერდნენ, ადრე შედარებით უფრო სუსტად გამოიყურებოდნენ.  18-წლამდელების ჩემპიონატში ერთდროულად 2 გუნდში ვასპარეზობთ, 16-წლამდელთა ნაკრებში  და აკადემიაში, რაც დიდ გამოცდილებას გვაძლევს.
ნიკა დარბაიძე: თბილისის ჩემპიონატმა სეზონის დაწყებამდე ბევრი რამ მოგვცა. მართალია  სუსტი გუნდები ასპარეზობდნენ  და გამარჯვება არ გაგვჭირვებია, მაგრამ  ჩვენთვის დიდად სასარგებლო აღმოჩნდა, რადან ჩვენი გუნდი ახალი შეკრებილი იყო. იმედი გვაქვს კარგ შედეგს დავდებთ 16-წლამდელებში. 18-წლამდელებშიც კარგ სეზონს ვატარებთ. გვაქვს მარცხიც, მოგებაც, მაგრამ ვცდილობთ ჩვენი  მაქსიმუმი გამოვავლინოთ და აქაც კარგი შედეგი ვაჩვენოთ.

პლეი ოფი
ნიკა დარბაიძე: 18-წლამდელების ნახევარფინალურ სერიაში  ,,შსს აკადემიასთან’’ დაგვრჩა გადამწყვეტი მატჩი. მეტოქე  ძალიან ძლიერია, მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ და ფინალში გადავიდეთ, რადგან იქ უფრო მეტი შანსი გვაქვს გამარჯვების.
დავით აფხაზავა: 16-წლამდელების მეოთხეფინალში შედარებით სუსტი გუნდი შეგვხდა, იოლად მოვიპოვეთ ნახევარფინალური საგზური და ეს მატჩები ძირითადად ჩვენს ხარვეზებსა და შეცდომებზე სამუშაოდ გამოვიყენეთ.  რაც შეეხება 18-წლამდელებს,  თუ სწორ კალათბურთს ვითამაშებთ, აუცილებლად  მოვიგებთ.მიუხედავად იმისა, რომ ასაკით მეტოქე გუნდთან შედარებით უფრო პატარები ვართ,  ვეცდებით როგორმე გადავლახოთ ეს ბარიერი. ჩვენზეა დამოკიდებული თუ როგორ წარვმართავთ თამაშს და რამდენად სწორად ვიასპარეზებთ.
ლუკა ბულაშვილი: 16-წლამდელებში სუსტი გუნდი შეგვხდა და ეს იყო კარგი გამოცდილებისთვის. რაც შეეხება 18-წლამდელთა ჩემპიონატში ნაკრების გუნდს, აქ  უფრო ძლიერი მეტოქე შეგვხდა  და  სულ ცოტა დაგვაკლდა ნახევარფინალში გასვლამდე. ვფიქრობ მეოთხედფინალური სერია ღირსეულად დავთმეთ. რაც შეეხება ,,აკადემიას’’,   ნახევარფინალური სერიის მსგავსად, იქაც ძლიერი მეტოქე შეგვხდა – „ჰიუნდაი“ . იმედია ამ ეტაპსაც გავდებით და  ფინალში ვიასპარეზებთ.
  
აკადემია
ნიკა დარბაიძე: აკადემიაში თავიდან რომ გადმოვედი, გუნდს შეკრება მოუწია და ამან საშუალება მომცა გუნდს კარგად  შევწყობოდი. აკადემიაში შესანიშნავი მწვრთნელები მუშაობენ. გუნდურები ვართ. 3 თვის გადმოსული ვიყავი, როცა  თბილისის ჩემპიონატი მოვიგეთ, სეზონი კარგად დავიწყეთ და იმედია წარმატებითვე დავასრულებთ. აკადემიაში ყველა პირობა გვაქვს  იმისთვის, რომ კარგ კალათბურთელებად ჩამოვყალიბდეთ.
16-წლამდელების ასაკში უდავოდ ფავორიტები ვართ.  წაუგებლად ვასპარეზობთ და დამაჯერებლად გამოვიყურებით. ასე რომ, აუცილებლად უნდა გავხდეთ ჩემპიონები.
დავით აფხაზავა: „აკადემია“ ძალიან კარგი გუნდია. მწვრთნელები  სწორ კალათბურთს გვათამაშებენ,  ყველამ იცის თავის დავალება და საქმე.  ყველაზე კარგი კი ისაა, რომ ამ გუნდს საქართველოს ჩემპიონატში 4 წლის მანძილზე თამაში არ წაუგია. როცა ბათუმიდან აქ გადმოვედი, ჩემი ერთ-ერთი მიზანი იყო ის, რომ ინდივიდუალურადაც გავზრდილიყავი და გუნდსაც დავხმარებოდი. მიმდინარე სეზონში 16-წლამდელებში კარგად  ვასპარეზობთ და ყველანაირი შანსი გვაქვს ჩემპიონები გავხდეთ. ამ ასაკში უდავო ფავორიტები ვართ, წაუგებლად ვასპარეზობთ და  მოედანზე დამაჯერებლად გამოვიყურებით.
ლუკა ბულაშვილი: მართლაც, 4 წელია არ წაგვიგია თამაში. ძლიერი მწვრთნელთა შტაბი გვყავს. 6 მოთამაშე ნაკრებში ვთამაშობთ და ძლიერი გუნდი ვართ. პარალელურად 18-წლამდელებში გამოსვლით მნიშვნელოვან გამოცდილებას ვიღებთ.
  
კალათბურთი
დავით აფხაზავა: კალათბურთზე პირველად 6 წლის ასაკში შევედი. დაბალი ვიყავი და მშობლებმა ამ სპორტზე სიმაღლეში გაზრდის მიზნით შემიყვანეს ბათუმში. ჩემი მწვრთნელები ლაშა ოჩხიკიძე და ედუარდ ტოროსიანი იყვნენ. მიუხედავად მწვრთნელების თხოვნისა, დავრჩენილიყავი კალათბურთზე, 2 თვის შემდეგ მშობლებმა ჭიდაობაზე გადამიყვანეს. მოგვიანებით, 10 წლის ასაკში ისევ კალათბურთს დავუბრუნდი. ბათუმის გუნდი  იმავე წელს  გამოვიდა საქართველოს ჩემპიონატში და დიდი გამოცდილება მივიღე. როცა ნაკრებში 1 წლით დიდ ასაკში გამომიძახეს, გადავწყვიტეთ თბილისში გადმოვსულიყავი და საკალათბურთო კარიერაზე სერიოზულად მეფიქრა. თუ თბილისში გადმოვიდოდი, აკადემიის გუნდში მოსვლა თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა. აქ ყველა კარგად დამხვდა. გუნდში თითქმის ყველას ვიცნობდი და შეგუება არ გამჭირვებია.
ლუკა ბულაშვილი: 6 წლის ვიყავი, როცა ფეხბურთზე შევედი, თუმცა 3-4 თვის შემდეგ გამოვედი და  კალათბურთზე „დინამოში“ მივედი. ჩემი ძმა კალათბურთს თამაშობდა და არ მინდოდა ფეხბურთზე, რადან კალათბურთი უფრო მომწონდა. ,,დინამოს’’ შემდეგ ,,აკადემიაში’’ გადმოვედი.
ნიკა დარბაიძე: მე გორიდან დავიწყე. 8 წლის ასაკში შევედი კალათბურთზე დავით რუსიშვილთან. თავიდან ჩვენი გუნდი  საქართველოს ჩემპიონატზე ვერ გამოდიოდა და  მხოლოდ ამხანაგურ მატჩებს ვატარებდით. პირველად 14-წლამდელებში გამოვედი, მე-9 ადგილისთვის  კომაროვის სკოლა დავამარცხეთ. შემდეგ 1 წელი გამოვტოვე, პაუზა მქონდა.  15 წლის ასაკში  დავით რუსიშვილმა შემატყობინა, რომ ნაკრების  შერჩევა იწყებოდა და თბილისში ჩამოვედი. შემდეგ გელა წულაძემ და გია კაზანჯიანმა ,,აკადემიაში’’ გადმოსვლა შემომთავაზეს და თბილისში გადმოვედი ოჯახთან ერთად.  ,,აკადემიას’’ კარგად მოვერგე, მეგობრული და შეკრული გუნდი ვართ.
 
სუპერლიგა
ლუკა ბულაშვილი: ვფიქრობ,  წინა წლებთან შედარებით სუპერლიგის დონე მომატებულია. ლეგიონერები გვყავს, ხალხი დადის და  ჩემპიონატი სანახაობრივია.
დავით აფხაზავა: სუპერლიგა წელს შედარებით სუსტია. გუნდებს არ ჰქონდათ საკმარისი დაფინანსება, თუნდაც ლეგიონრების ჩამოსაყვანად და გარკვეული მიზნების მისაღწევად.   ამიტომ ვფიქრობ, რომ სუპერლიგას და მასში მონაწილე გუნდებს გაცილებით დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს. 
სასიხარულოა, რომ ჩვენი ასაკის მოთამაშეებს მიეცათ სუპერლიგაში თამაშის  შანსი. ჩემმა არაერთმა მეგობარმა ითამაშა უმაღლეს ლიგაში: ქავთარაძემ, თორნიკე გაგუამ, გიორგი თვალაბეიშვილმა, ვასო მჭედლიშვილმა, ლევან გოგალაძემ, ვილი ისიანმა, გიორგი ჩაჩხიანმა…  საბედნიეროდ, ბიჭები არ დაიბნენ და მოედანზე საკმაოდ კარგად გამოიყურებოდნენ. ჩვენთვის ეს დიდი სტიმული და გამოცდილებაა.
ნიკა დარბაიძე:  ძალიან მწყდება გული, რომ პერსპექტიული მოთამაშეები  საზღვარგარეთ მიდიან.   სასურველია, რომ  გუნდებს უფრო დიდი დაფინანსება, უფრო კარგი პირობები და ვარჯიშები ჰქონდეთ. ამით სუპერლიგა დიდად გაძლიერდება. რაც შეეხება ჩვენი ასაკის მოთამაშეების ასპარეზობას სუპერლიგაში, უფროსებთან თამაში დიდი გამოცდილებაა და იმედია კიდევ არაერთ  ახალგაზრდას ვიხილავთ უმაღლეს ლიგაში. მომწონს ბათუმის გუნდის თამაში, ლეგიონრებიც  ჰყავთ და  და სანახაობრივ კალათაბურთს  აჩვენებენ.
ლუკა ბულაშვილი:  ,,სოხუმის’’ გუნდს ვგულშემატკივრობ. დასაფასებელია, რომ ეს ბიჭები ხელფასის გარეშე თამაშობენ მთელ სეზონს. 
დავით აფახაზავა:  მე, საერთოდ,  „ბათუმს“ ვგულშემატკივრობ. სამწუხაროდ, გარკვეული ჩავარდნა ჰქონდათ, მაგრამ ღმერთის წყალობით, მწვრთნელიც და ბიჭებიც გამოჯანმრთელდნენ. იმედია, ბიჭები მაქსიმუმს გააკეთებენ  და დიდ შედეგს ველოდები მათგან. თბილისის გუნდებიდან  კი „არმია“ მომწონს. ეს გუნდი ლეგიოენრების გარეშე აღწევს მიზანს და მათი თამაშის  სტილიც მომწონს. 
 
ისევ კალათბურთი
ნიკა დარბაიძე: ნბა-ს გულშემატკივარი ვარ. ევროლიგა კარგია, მაგრამ მე უფრო შოუ, სანახაობა მხიბლავს. საყვარელი გუნდი „მაიამია“, რადან ჩემი ფავორიტი კალათბურთელი დუეინ უეიდია.  
დავით აფახაზავა:  ორივეს ვუყურებ, მაგრამ ნბა-ს უფრო პლეი ოფების დროს, რადგან  რეგულარულის დროს ნამდვილი შოუა,  პლეი ოფი კი უფრო დაძაბულია. ისე კი ევროლიგას უფრო ვუყურებს, იქ დაცვითი კალათბურთია და  ჩემთვის, როგორც უკანახაზელისთვის, ეს უფრო სასარგებლოა. ნბა-ში საყვარელი კალათბურთელი დერიკ როუზია, რომელმაც მძიმე ტრავმები მიიღო და იმედია,  მალე გამოჯანმრთელდება, გუნდებიდან „ჩიკაგო“ მიყვარს, მაგრამ ამ ბოლო დროს „ოკლაჰომაც“ ძალიან მომწონს.
ლუკა ბულაშვილი:  ევროლიგასთან შედარებით ნბა-ს ვანიჭებ უპირატესობას. იქ უფრო გახსნილი თამაშია, ევროლიგა კი უფრი ტაქტიკურია და მძიმე საყურებელია. „ლეიკერსის“ და კობის გულშემატკივარი ვარ.

სად ითამაშებდით
ლუკა ბულაშვილი:  სან-ანტონიოში, რადგან როგორც მწვრთნელი ძალიან მომწონს პოპოვიჩი.
დავით აფხაზავა: ნბა-ში თამაში, რა თქმა უნდა, ყველას უნდა, რადგან მასზე მაღალი დონე არ არსებობს. და თუ მოვხდები, სულ ერთია სად ვითამაშებ. თუმცა, ბუნებრივია ჩემს ფავორიტ გუნდში მინდაJ მირჩევინია ევროპაში ვითამაშო და იქიდან წავიდე ნბა-ში, რადგან ამერიკაში თამაშს დიდი  ფიზიკური მომზადება სჭირდება. ევროლიგაზე სიამოვნებით ვითამაშებდი  „ოლიმპიაკოში“.
ნიკა დარბაიძე: რა თქმა უნდა, მინდა ნბა-ში, მაგრამ როცა ჩემს მომავალზე ვფიქრობ,  უფრო ევროლიგას წარმოვიდენ ხოლმე.  ესპანეთში ვითამაშებდი, რომელიმე კლუბში. რაც შეეხება ამერიკას, ნიუ-იორკი ან ჩიკაგო.  ეს გუნდებიც მომწონს და ქალაქებიც. იმედია, მინიმუმ ევროლიგაში  მაინც ვითამაშებ.
 
მოედანს მიღმა
ნიკა დარბაიძე: ჯერ სკოლაში დავდივარ, საშუალოდ ვსწავლობ. რაც აქ გადმოვედი, დატვირთვა ბევრი მაქვს და  ვცდილობ, ყველაფერი მოვასწრო. დილით სკოლაში მივდივარ, შემდეგ  შინ ვბრუნდები და ვარჯიშზე ან თამაშზე მივდივარ. თუ სუპერლიგაა, უმაღლესი ლიგის თამაშებსაც ვესწრები და ასეთია ერთი ჩვეულებრივი დღეს ჩემთვის.
თავისუფალს დროს კი ისევ  კალათბურთს ვთამაშობ. მსურს უნივერსიტეტში ჩავაბარო და თუ ევროპაში მოვხვდები, იქაც გავაგრძელო  სწავლა.
დავით აფხაზავა: რაც თბილისში გადმოვედი, უფრო დატვირთული ვარ, სპორტულ სკოლაში დავდივარ და შეძლებისდაგვარად ხელი მეწყობა. მომავალში თუ კარგ კლუბში წავალ, აუცილებლად გავაგრძელებ სწავლას, რადგან ეს  მნიშვნელოვნად მიმაჩნია. ბათუმი თბილისთან შედარებით პატარა ქალაქია და აქ როცა გადმოვედი, ყველაფრის მოსწრება ცოტა მიჭირს, მაგრამ მიუხედავად ამისა ვცდილობ მაქსიმუმი გავაკეთო. ხანდახან წიგნის წაკითხავასაც ვასწრებ, ბოლოს ,,დათა თუთაშხია’’ წავიკითხე.
ლუკა ბულაშვილი: ჩემს ოჯახში სწავლა ყოველთვის პირველ ადგილზე იყო. დილით სკოლას არასდროს ვაცდენდი, შემდეგ ვარჯიშზე მივდიოდი და  მერე რეპეტიტორებთან ვემზადებოდი, მაგრამ წელს სულ სხვა რეჟიმი მაქვს, რადგან  ამ სეზონში ძალიან დატვირთული გრაფიკია და ყველაფრის მოსწრება მართლაც რთულია.
ნიკა დარბაიძე:  კლასგარეშე ლიტერატურას რაც შეეხება, შეძლებისდაგვარად ვცდილობ ვიკითხო. ბოლოს „დორიან გრეის პორტრეტი“ წავიკითხე .
 
ეროვნული ნაკრები
 ნიკა დარბაიძე: მოუთმენლად ველოდებით ამ ზაფხულს და როგორც ყოველთვის, ნაკრების საგულშემატკივროდ მივალ სპორტის სასახლეში.წელს ბიჭებისგან უფრო დიდი მოლოდინი გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება.  იმედია მომავალში ჩვენც ვითამაშებთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.  
დავით აფხაზავა: ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ ნაკრების. ნბა და ვეროლიგა კარგია, მაგრამ ჩვენი უდიდესი მიზანი ნაკრებში თამაშია, რადან ეს არის დიდი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე. ჩვენს ბიჭებს ძალიან კარგი სეზონი ჰქონდათ და დიდი იმედებით ველოდებით ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს.
 ლუკა ბულაშვილი: ბავშვობიდან ვადევნებ თვალყურს ნაკრების ასპარეზობას და სულ დავდივარ თამაშებზე. ჩემთვის ეროვნული ნაკრები უმნიშვნელოვანესია. საამაყოა, როცა საქართველოს სახელით თამაშობ და ასახელებ შენს ქვეყანას.
 
 საიტები
ლუკა ბულაშვილი: ძალიან კარგი ვებ-გვერდები გვაქვს. ყველაზე მეტად კი ის მომწონს, რომ იცი კალენდარი – სად და როდის  თამაშობ  შენთვის წინასწარაა ცნობილი. ამასთან, მნიშვნელოვანია სტატისტიკა, რომლის საშუალებით იგებ რას წარმოადგენენ შენი მეტოქეები. 
დავით აფხაზავა: საიტები ძალიან დაიხვეწა. წელს დიზაინი შეიცვალა და  ეს მოსაწონია ჩემთვის. გვაქვს ისტორია. ვეცნობით უმაღლესი ლიგის კალათბურთელების მიღწევებსაც. ეს ძალიან სასარგებლოა მწვრთნელებისთვისაც და  ჩვენთვისაც. სტატისტიკა უამრავ რამეში გვეხმარება.
 ნიკა დარბაიძე:  წლევანდელი დიზაინი ძალიან მომეწონა. ასევე საინტერესო და მნიშვნელოვანია ისტორია. ჩემს სტატისტიკას ხშირად ვადევნებ თვალს.  სასიხარულოა, რომ შენი სახელი და გვარი ისტორიაში რჩება. ჩემი ოჯახის წვერებიც ხშირად შედიან საიტზე და შემდეგ ერთად განვიხილავთ ხოლმე სტატისტიკას და სხვა გუნდების თამაშს.
ასევე, საიტის საშუალებით ვცდილობ ვაკონტროლო ჩემი თავი და სტატისტიკა სწორედ იმაში მეხმარება, რომ ხარვეზები და შეცდომები გამოვასწორო ხოლმე.  მუდმივად ვეცნობი სხვა თამაშების შედეგებსაც.