“აკადემიის” 2 ფინალი

“აკადემიის” 2 ფინალი

გია კაზანჯიანის გუნდმა 20–წლამდელების კვალად 18–წლამდელთა ჩემპიონატშიც მოახერხა ფინალში გასვლა. „აკადემიამ“ სპორტის სასახლეში ნახევარფინალის მესამე, გადამწყვეტი მატჩი ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის „ენერჯის“ მოუგო.

ამ გუნდების დაპირისპირება ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოვიდა. რა თქმა უნდა, ორივე გუნდს ძალიან უნდოდა ფინალში გასვლა, მაგრამ საბოლოოდ ერთს უნდა დაეთმო და ეს ერთი „ენერჯი“ გამოდგა. თუმცა ამის გაკეთება ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდს იძულებით მოუხდა, რადგან „აკადემია“ ძალიან კარგად და გამართულად ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ კაზანჯიანის გუნდმა პირველი მეოთხედი ჩააგდო, მალევე გამოერკვა, ზუსტი და გამართული კომბინაციებით თავგზა აუბნია მეტოქის დაცვას და პირველივე ტაიმში დაიბრუნა თავიდან დათმობილი პოზიციები.„აკადემია“ თავიდან 9:2 დაწინაურდა, თუმცა მერე ამოქმედდა „ენერჯის“ ლიდერთაგანი, გიორგი ელანიძე, რომელსაც ხელს დაბლებიც აშველებდნენ და ჩერქეზიშვილის გუნდმა 18:1 მოიგო 5–წუთიანი მონაკვეთ – შედეგად 20:10 გალიდერდა.პირველი მეოთხედი დასრულებამდე აკადემიელებმა მოახერხეს ჩამორჩენის ოდნავ შემცირება და მეორე მეოთხედიდან ამოქმედდნენ. ნოდარ თენიეშვილის შემჩერებელი არავინ მოინახა. მას კარგად ამარაგებდნენ პასებით ტარიელ თავართქილაძე და მერაბ ბოქოლიშვილი. შედეგად აკადემიელებმა ლიდერობა დაიბრუნეს და გონივრული თამაშის წყალობით, უპირატესობა თამაშის ბოლომდე ხელიდან არ გაუშვიათ.თავში ვახსენეთ, რომ კაზანჯიანის გუნდი 20–წლამდელთა ჩემპიონატის ფინალშიცაა. „აკადემიის“ ამ 2 გუნდს –18 და 20–წლამდელებს – ბირთვის ერთი ჰყავს და ისე გამოდის, რომ კალათბურთელებს ორივე ფრონტზე უწევთ ბრძოლა. ორივე ასაკობრივი ჩემპიონატის პლეი ოფი თითქმის პარალელურად მიმდინარეობს და ამიტომაცაა, რომ „აკადემიას“ თითქმის ყოველ დღე უწევს მისთვის უაღრესად პრინციპული თამაშების ჩატარება. მიუხედავად ამისა, კაზანჯიანის გუნდმა ორივე ასაკში მოახერხა ფინალში გასვლა და ახლა გამოჩნდება, შესწევს თუა არა ძალა, ბოლო და ყველაზე მთავარი ნაბიჯი გადადგას.