აკადემიურმა სროლებმა “აკადემიას” ჩემპიონობა მოუტანეს

აკადემიურმა სროლებმა “აკადემიას” ჩემპიონობა მოუტანეს

ყველაზე დაძაბული ასაკობრივი ჩემპიონატი 18–წლამდელების აღმოჩნდა. „დინამოსა“ და „აკადემიას“ ფინალური სერია მე–3 მატჩამდე მივიდა და დაძაბულ ბრძოლაში აკადემიელებმა იმარჯვეს

.ყველაფერი შეხვედრის უკანასკნელ წუთებზე გადაწყდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ გამარჯვებულის ბედი აკადემიელთა ლიდერმა მერაბ ბოქოლიშვილმა პირადად გადაწყვიტა. მან ბოლო მეოთხედში 15 ქულა ჩააგდო, საიდანაც 9 უკანასკნელ სამ წუთზე მოდის. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ბოლო წუთებზე ბოქოლიშვილმა სამი ბურთი (2 სამქულიანი და 1 ორიანი) შეტევისთვის განკუთვნილი დროის უკანასკნელ წამზე, სირენის თანხლებით ჩააგდო, რითაც წელში გატეხა მთელი შეხვედრის მანძილზე შეუპოვრად მებრძოლი და ხშირ შემთხვევაში მოლიდერე დინამოელები.მთელი შეხვედრა, სანამ უკანასკნელმა წუთებმა არ მოატანა, თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. აკადემიელები უფრო გუნდურად თამაშობდნენ, ხოლო „დინამოში“ ძირითადად უკანახაზელი გივი ბაქრაძე აქტიურობდა, რომელსაც მესამე მეოთხედში ტანმაღალი ირაკლი ალხანაიძეც შეეშველა და დავით თორთლაძის გუნდის სოლიდური ლიდერობაც ამ პერიოდისთვის დაფიქსირდა.„აკადემია“ არ შემდრკალა და დაცვის ხარჯზე შეტევას აძლიერებდა. ტარიელ თავართქილაძეს და მერაბ ბოქოლიშვილს დაცვაში ჩაჭრილი ბურთები სწრაფად გადაჰქონდათ მეტქის ნახევარზე და საბოლოოდ შედეგიანადაც ხშირად აგვირგვინებდნენ შეტევებს. არავინ იცის, რა მოხდებოდა, ბოქოლიშვილს ბოლო წუთებზე რომ არ ემარჯვა, თუმცა ფაქტია, რომ აკადემიელთა ამ მართლაც პერსპექტიულმა ყმაწვილმა თავისი გუნდი დიდად ახეირა, როცა ისეთი მოულოდნელი ბურთები ჩააგდო, რომელთაგან დინამოელები თავს ვერ დაიცავდნენ და ვერც დაიცვეს. მთელი თამაში რომ თანაბრად მიდიოდა, სწორედ მაშინ გაიზარდა ანგარიშში სხვაობა, როცა ყველა დაძაბულობას ელოდა. ერთი, ორი, სამი ზუსტი ტყორცნა და საფინალო სირენამდე ორიოდ წუთით ადრე გია კაზანჯიანის გუნდის უპირატესობა 9 ქულამდე გაიზარდა. ეს „აკადემიას“ გამარჯვებას, ანუ ჩემპიონობას ნიშნავდა და ბოლოს გაიხარეს კიდეც კაზანჯიანისა და გელა წულაძის შეგირდებმა