თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა თბილისის დინამო, რომელმაც ფინალურ მატჩში 15 ქულის სხვაობით – 85:70 (სტატისტიკა) დაამარცხა მართვე. ფინალური მატჩი ვერ გამოდგა შესაფერისად დაძაბული. მამუკა ტურაშვილის გაწვრთნილმა დინამოელებმა ნახევარფინალში აკადემიასთან გადატანილი მძიმე ბრძოლის შემდეგ შედარებით იოლად დაამარცხეს მართვე და დედაქალაქის ჩემპიონები გახდნენ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ჩემპიონატების ორგანიზატორი დედაქალაქის კალათბურთის განვითარების კავშირია, ხოლო მხარდამჭერი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია. ფინალური მატჩი, როგორც ანგარიშიდან ჩანს, ვერ გამოდგა დაძაბული. დინემოელებმა დამაჯერებლად დაიწყეს საჩემპიონო მატჩი და თავიდანვე რომ მოიპოვეს უპირატესობა, ბოლომდე შეინარჩუნეს.
ჩემპიონებს 15 ქულითა და 9 მოხსნით ვლადიმერ თავაქარაშვილმა ულიდერა. 13 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი ვახტანგ გოგბერაშვილის ანგარიშზე დაგროვდა, ნიკოლოზ კიშკომ კი 14 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. მართვეში ორმაგი დუბლით გამოირჩა გიორგი სიმონიშვილი. გუნდის ლიდერმა თავი 17 ქულას, 10 მოხსნას და 3 პასს მოუყარა და მატჩში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. 17 ქულა და 4 მოხსნა გიორგი საყვარელიძის ანგარიშზე დაგროვდა.
ფინალური მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. მართველები ვერცხლის მედლებითა და სიგელებით თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ძიძიგურმა და ვეტერანმა კალათბურთელმა კახა ბაღათურიამ დააჯილდოვეს.
ჩემპიონ დინამოელებს მედლები და სიგელები ვლადიმერ ძიძიგურმა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველმა – ზაზა ღონღაძემ გადასცეს. ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა ვლადიმერ თავაქარაშვილი, რომელსაც პრიზი ზაზა ღონღაძემ გადასცა. საჩემპიონო თასიც დინამოელთა კაპიტანმა, ვლადიმერ თავაქარაშვილმა ჩაიბარა, რომელიც მას თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ძიძიგურმა გადასცა.
ტურნირზე მე-3 ადგილი დაიკავა საკალათბურთო კლუბმა “აკადემიამ”, რომელმაც “ჰიუნდაის” შანსი არ დაუტოვა. ფინალამდე გამართული მატჩი მე-3 ადგილისთვის აკადემიელებმა 89:59 (სტატისტიკა) მოიგეს. ბრინჯაოს მედალოსნები თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ძიძიგურმა და გამგეობის წევრმა, მამუკა ლომიძემ დააჯილდოვეს.