“დინამომ” ფინალი გაათანაბრა

“დინამომ” ფინალი გაათანაბრა

„დინამომ“ ბეწვის ხიდზე გაიარა „აკადემიასთან“ ფინალური სერიის მეორე მატჩში. დინამოელებს რომ წაეგოთ, ჩემპიონობის შანსს კარგავდნენ, თუმცა მოიგეს და პირველობის შანსი შეინარჩუნეს.

ფინალური სერიის მეორე მატჩი გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა პირველს. მთელი შეხვედრის მანძილზე ტოლ–სწორი ბრძოლა მიდიოდა და თანაბარი, დრამატული ფინალი ჰქონდა. აქაც ყველაფერი ერთმა სროლამ გადაწყვიტა და თუკი წინა შეხვედრის ბოლო წამებზე დინამოელებმა ააცილეს გამთანაბრებელი, ახლა აკადემიელებს არ გაუმართლათ.თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სანამ ამ სროლამდე მივიდოდა საქმე, უპრინციპულეს წუთებში დინამოელებმა იყოჩაღეს და მცირე უპირატესობას დაეუფლნენ. როცა თორთლაძის გუნდი ქულას იგებდა დასრულებამდე 1 წუთით ადრე, დავით დეკანოიძემ მნიშვნელოვანი შორეული ორქულიანი ჩააგდო. საპასუხო შეტევაში აკადემიელებმა 1 საჯარიმო ჩააგდეს და ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს.დასრულებამდე 30 წამი იყო, ბურთი კი დინამოელთა ლიდერმა და ამ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გივი ბაქრაძემ გადაიტანა აკადემიელთა ნახევარზე და სირენამდე 16 წამით ადრე ფარქვეშ შეიჭრა. მისი სროლა არაზუსტი აღმოჩნდა და გია კაზანჯიანის გუნდს თამაშის გადარჩენის შანსი გაუჩნდა. ფარქვეშ შესულმა მერაბ ბოქოლიშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა გამთანაბრებელი სროლა და ბურთს დინამოელი დავით დეკანოიძე დაეუფლა. აკადემიელები ჯარიმას ითხოვდნენ, ბოქოლიშვილს სროლისას დაეჯახნენო, მაგრამ მსაჯებმა გადაწყვეტილება არ შეცვალეს.თუმცა აკადემიას მაინც მიეცა შანსი. დეკანოიძეზე ტაქტიკურად დაჯარიმდნენ, ხოლო დინამოელმა მხოლოდ 1 ჩააგდო და კაზანჯიანის გუნდს 3 ქულის აღმოსაფხვრელად 3 წამი ჰქონდა. გადამწყვეტი სროლაც ბოქოლიშვილმა ითავა, მაგრამ არახელსაყრელი სიტუაციიდან მოუწია ტყორცნა და „დინამომ“ გაიმარჯვა.დარჩა ერთადერთი მატჩი, რომელმაც ჩემპიონის ვინაობა უნდა გაარკვიოს და იგი 16 მაისს, სპორტის სასახლეში, სუპერლიგის ფინალის დაწყებამდე გაიმართება.