ევროპის ჩემპიონატამდე საქართველოს U18 ნაკრები შეკრებას თურქეთში გაივლის

ევროპის ჩემპიონატამდე საქართველოს U18 ნაკრები შეკრებას თურქეთში გაივლის

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები თურქეთში გაემგზავრა, სადაც 24 ივლისამდე 4 საკონტროლო მატჩს გამართავს და მაკედონიაში, ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბუბა ბერიშვილმა უკვე შეარჩია ის 12 კალათბურთლი, რომლებიც საქართველოს ნაკრებს ევროპის B დივიზიონში წარადგენენ. 2 მათგანი – რატი ანდრონიკაშვილი და ალექსი მერკვილაძე ნაკრებს თურქეთში შეუერთდებიან. ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში ჩვენი მეტოქეები იქნებიან ბელგიის, უნგრეთის, ავსტრიის, ესტონეთის და აზერბაიჯანის ნაკრებები. თურქულ შეკრებაზე გამგზავრებამდე ბუბა ბერიშვილს გავესაუბრეთ…

– მაქსიმალურად შევეცადეთ, იმ მცირე დროში, რაც გვქონდა, ოპტიმალური შემადგენლობისთვის მოგვეყარა თავი და ეს რამდენად კარგად მოვახერხეთ, მომავალ ამხანაგურ თამაშებში გამოჩნდება. ჯერ ოფიციალურ მატჩებამდე – 27 ივლისამდე საკმაო დრო გვაქვს. აქ ხელისშემშლელი ფაქტორი იყო ბავშვების გამოცდები. რა თქმა უნდა, ამ გამოცდებს ვერ აუვლიდით გვერდს და იმ 10 დღეში, რომელიც შეკრებისთვის მოგვეცა, მაქსიმალურად შევეცადეთ ყველაფერი ჩაგვესვა და მოვმზადებულიყავით.

– 27 ივლისამდე საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გაქვთ…

– დიახ, თურქეთში მივდივართ 17 ივლისს, სადაც 4 საკონტროლო მატჩს გავმართავთ. მეტოქეები ჯერ ცნობილი არაა. ესენი იქნებიან ძირითადად ცნობილი საკალათბურთო კლუბების 18-წლამდელთა გუნდები. სულ სტამბოლში 6 გუნდი მოიყრის თავს, თუმცა ჩვენ 4 შეხვედრას ვითამაშებთ და 24 ივლისს გავემგზავრებით მაკედონიაში.

– ევროპის ჩემპიონატი ხომ 27-ში იწყება?!

– დიახ და ეს ძალიან კარგია, რომ 3 დღით ადრე ჩავდივართ ოფიციალური ტურნირის მასპინძელ ქვეყანაში. მაკედონიაში ადაპტაციას გავივლით, 3 დღის მანძილზე საკმაოდ ნაყოფიერად ვივარჯიშებთ და მოვემზადებით ოფიციალური მატჩებისთვის.

– თურქეთში 10 მოთამაშით მიდიხართ…

– დიახ, ეს იმიტომ რომ გუნდის 2 წევრი საქართველოში არ იმყოფება. ალექსი მერკვილაძე თურქეთში დაგვხვდება. ის 16-წლამდელთა ნაკრებს ახლდა სტამბოლში, სადაც საერთაშორისო ტურნირში ითამაშა და გუნდს უკან აღარ გამოჰყვა, რადგან მეორე დღეს ისევ სტამბოლში მოუწევდა დაბრუნება. რაც შეეხება რატი ანდრონიკაშვილს, მოგეხსენებათ, ის 20-წლამდელთა ნაკრებს ახლავს ბულგარეთში, ევროპის ჩემპიონატზე და მისი დასრულების შემდეგ, 23 ივლისს სტამბოლში შემოგვიერთდება.

– ძირითადი შემადგენლობის შერჩევისას რამდენად დიდი იყო კონკურენცია?

– საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო და ეს ძალიან კარგია. გამოვცადეთ 20-ზე მეტი კანდიდატი, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ ნაკრებში მოსახვედრად. მათ, ვისაც ამ ეტაპზე დავშორდით, იმ დეტალებზე გავუმახვილეთ ყურადღება, რისი გამოსწორებაც მართებთ, რათა შემდეგ ჯერზე მოხვდნენ ნაკრებში.

– რას იტყვთ იმ 2 მოთამაშეზე, რომელიც თურქეთში უნდა შემოგიერთდნენ?

– პირადად მე ორივეს ძალიან კარგად ვიცნობ და ვიცი მათი რეალური შესაძლებლობები. მერკვილაძეც და ანდრონიკაშვილიც გასულ წელს 16-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდნენ, რომელსაც მე ვწვრთნიდი. მერკვილაძეს წელსაც უწევს 16-წლამდელთა ნაკრები და ის ამ გუნდისთვის მაქსიმუმს გააკეთებს, თუმცა მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ მერკვილაძე 18-წლამდელთა ნაკრებსაც დახმარებოდა. ის რამდენჯერმე იყო 18-წლამდელთა ნაკრების ვარჯიშებზე და სრულიად დააკმაყოფილა გუნდისთვის აუცილებელი მოთხოვნები. რაც შეეხება რატის, მოგეხსენებათ მან წელს ეროვნულ ნაკრებშიც ითამაშა და ცხადია, ჩვენს ნაკრებსაც დიდად დაეხმარება. იმ პოტენციალის გათვალისწინებით, რაც ანდრონიკაშვილს გააჩნია, დიდი კალათბურთი უნდა ითამაშოს და ამის მისაღწევად შრომა და სისტემატიური ვარჯიშია საჭირო.

– რას იტყვით ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი 18-წლამდელთა ნაკრების შანსებზე?

– შანსებზე ლაპარაკი ახლა ნაადრევია. ვიცით, რომ ძლიერ ჯგუფში მოვხვდით, სადაც ნებისმიერი მეტოქე ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს. სანამ ტურნირი არ დაიწყება, ჩვენთვის ნებისმიერი მეტოქე ფავორიტია, რადგან ყველასთან ბოლომდე ბრძოლა და მაქსიმალური მობილიზება გვმართებს.