გადათამაშებაში “ენერჯიმ” საქმე მესამე მატჩამდე მიიყვანა

გადათამაშებაში “ენერჯიმ” საქმე მესამე მატჩამდე მიიყვანა

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის “ენერჯიმ” დღეს ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩში გია კაზანჯიანის “აკადემიას” 104:97 მოუგო და საქმე მესამე, გადამწყვეტ შეხვედრამდე მიიყვანა.  

რეალურად ეს იყო პირველი მატჩი, რომელიც 3 დღის წინ უნდა გამართულიყო, მაგრამ მსაჯის პროტესტის გამო ჩაიშალა. სანამ დღევანდელ შეხვედრაზე მოვყვებოდეთ, იმ ჩაშლილ მატჩზეც ვიტყვით ორიოდ სიტყვას. აგრარული უნივერსიტეტის დარბაზში გამართული ის შეხვედრა “აკადემიის” უპირატესობით წარიმართა, თუმცა მსაჯების მიმართ მაინც იყო პრეტენზიები მოლიდერე გუნდის მწვრთნელებისგან და მესამე მეოთხედის დამთავრება იყო, როცა არბიტრმა, მაკა კუპატაძემ დარბაზი დატოვა და წავიდა. კუპატაძე აღშფოთდა იმ დამოკიდებულებით, რასაც მისი მისამართით იჩენდნენ მოთამაშე გუნდების, განსაკუთრებით კი “აკადემიის” მწვრთნელები და იქაურობას გაეცალა  – რაც არანაირად არ ამართლებს მის მოქმედებას.მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტისთვის “აკადემია” 13 ქულით იგებდა, შეხვედრა გადათამაშდა და ის დღეს ჩატარდა. იმ ჩაშლილი მატჩის შემდეგ, “აკადემიამ” მეორე დღეს მოუგო “ენერჯის”, თუმცა დღეს ვეღარ იყოჩაღა და სერიში ანგარიში გათანაბრდა.როგორც ვთქვით, დღევანდელი მატჩი გადათამაშება იყო სერიის პირველი შეხვედრის და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, კინაღამ ეს მატჩიც ჩაიშალა. შეხვედრის ისედაც თანმდევ დაძაბულ მუხტს ცალკე მოთამაშეების აგრესიული მოქმედება, ცალკე ტრიბუნაზე მსხდარი მშობლების უცენზურო რეპლიკები და ცალკე მსაჯების მიერ დაშვებული შეცდომები აღვივებდა. ამის გამო ასაკობრივი ლიგების დირექტორ გიორგი ზაბახიძეს თამაშის შეწყვეტა და მსაჯების გაფრთხილებაც კი მოუხდა, რათა მათ მეტი გამბედაობა გამოეჩინათ და მატჩის მშვიდობიანი მსვლელობისთვის ხელის შემშლელი ხალხი გაეფრთხილებინათ.ერთ ეპიზოდში ხელჩართული ჩხუბიც ატყდა მოთამაშეთა შორის, რის შედეგადაც მსაჯებმა მოედნიდან “ენერჯის” ფორვარდი ზურაბ მაჩალაძე და “აკადემიის” ცენტრი გოგა ჯავახიშვილი გააძევეს.რაც შეეხება მატჩის სპორტულ მხარეს, ის დიდად დაძაბული არ ყოფილა, რადგან “ენერჯიმ” თავიდანვე რომ მოიპოვა ლიდერობა, თამაშის ბოლომდე სადავეები აღარ გაქცევია. დიდებულად თამაშობდა ჩერქეზიშვილის გუნდის ფორვარდ-ცენტრი გიორგი ელანიძე, რომელიც 2 მეტრი სიმაღლისაა, თუმცა აკადემიელებს პერიმეტრიდან მოუთავა საქმე. ელანიძემ 5 სამქულიანი ჩააგდო პირველ მეოთხედში და არც ფარქვეშიდან დაუკლია ხელი კაზანჯიანის გუნდისთვის.“ენერჯიმ” თავიდანვე მოიპოვე ათქულიანი უპირატესობა და მას მთელი თამაშის მანძილზე ინარჩუნებდა. მეორე ტაიმში ლიდერობა დუდა სანაძემ გადაიბარა, რომელიც ქულას ქულაზე იხვეჭდა და აკადემიელებს ჩამორჩენის გაბათილების ყოველგვარ შანსს უსპობდა. ბურთს ჭკვიანურად ათამაშებდა დავით გურაბანიძე, რომელსაც გვერდში ედგა ირაკლი ჩერქეზიშვილი. ამ მოთამაშეების წყალობით ნიკო ჩერქეზიშვილის გუნდმა ლიდერობა თამაშის ბოლომდე შეინარჩუნა და მიუხედავად აკადემიელი ლევან ელიაძის საბოლომეოთხედო სამქულიანებისა, გამარჯვებას მაინც მიაღწია.მაშ ასე, ამ გუნდების ნახევარფინალური სერიის მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა 30 აპრილს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.