გოგა ბითაძე ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ცენტრად დაასახელეს

გოგა ბითაძე ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ცენტრად დაასახელეს

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის „ა“ დივიზიონამდე 2 საფეხური დააკლდა. ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მე-5 ადგილი დაიკავა, ელიტის საგზურები კი ტურნირის 3 საუკეთესო გუნდს – ესტონეთს, პოლონეთს და შვედეთს ერგოთ.

საქართველოს ნაკრების წარმატებები გუნდურობის შედეგია, თუმცა ორგანიზატორებმა ჩვენი გუნდიდან განსაკუთრებულად გოგა ბითაძე გამოარჩიეს. 210 სანტიმეტრი სიმაღლის ქართველი კალათბურთელი ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში – რა თქმა უნდა, ცენტრის პოზიციაზე შევიდა. შესაბამისად, გოგა ბითაძე ბულგარეთში დასრულებული ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონის საუკეთესო ცენტრი გახდა.

ბითაძემ ბულგარულ ტურნირზე 9 მატჩი გამართა და საშუალოდ 14.2 ქულას, 8.9 მოხსნას, 3.7 დაფარებას და 1.8 პასს ითვლიდა. ქართველი ცენტრი 44-პროცენტიანი სიზუსტით ესროდა ორქულიანებს, ხოლო პერიმეტრსმიღმიდან მთლიანობაში 18 ბურთი ესროლა და 6 ჩააგდო.

ბითაძისთვის ეს იყო ბოლო 16-წლამდელთა ჩემპიონატი. მომავალი წლიდან ის 18-წლამდელთა ნაკრებში გადაინაცვლებს.