TEAMS გალერეა
დასრულდა საქართველოს ჩემპიონატის ბოლოსწინა შესარჩევი ტურნირი 3×3 კალათბურთში. რიგით მეცხრე ტური შიდა ქართლის გახლდათ და მას გორმა უმასპინძლა. ტურნირი გორის ცენტრალურ მოედანზე, სასიამოვნო და ლამაზ ატმოსფეროში მიმდინარეობდა, თუმცა კოკისპირულმა წვიმამ და სეტყვამ ორგანიზატორებს იმის გარდა სხვა გზა არ დაუტოვა, შეჯიბრება დარბაზში ჩაეტარებინათ.
რამდენიმე წუთში მოედანი სეტყვისგან გადათეთრდა, სარეკლამო აბრები და ბუშტები ჩაიფუშა. გორელები ამბობდნენ, ასეთი სეტყვა ათწლეულებია, არ ყოფილაო. სეტყვამ ტურნირს ჯგუფურ ეტაპზე მოუსწრო, რის შემდეგაც მონაწილეებმა გორის სპორტსკოლაში გადაინაცვლეს და თამაში განახლდა.
გორის შესარჩევ ტურში 15 გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც 4 ჯგუფში იყვნენ განაწილებულნი. პლეი ოფში 8 გუნდი გავიდა, რომლებმაც პირველობისთვის ბრძოლა მეოთხედფინალიდან განაგრძეს. ფინალში გავიდნენ გუნდები BLOW UP და BLACK WINGS. დაძაბულ ბრძოლაში 16:15 გაიმარჯვა BLOW UP-მა, რომლის ღირსებასაც გურამ ბლუაშვილი, თენგო საური, ლევან გოდერძიშვილი და დიმიტრი გოდერძიშვილი იცავდნენ. შესაბამისად, BLOW UP-მა შიდა ქართლის რეგიონიდან საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.
მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი. მეორე ადგილის მფლობელი BLACK WINGS-ი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ქერდიყოშვილმა და შიდა ქართლის კალათბურთის განვითარების ცენტრის დირექტორმა თამაზ ხაჩიურმა დააჯილდოვეს. გორის მუნიციპალიტეტმა საუკეთესო მოთამაშისთვის პრიზი დააწესა, რომელიც თენგო საურს გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განყოფილების ხელმძღვანელმა თეა კეჩხუაშვილმა გადასცა. პირველ ადგილზე გასული BLOW UP გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, პაპუნა კობერიძემ მედლებით, სიგელებით და საჩემპიონო თასით დააჯილდოვა.
ბოლო შესარჩევი ტური ქვემო ქართლის იქნება და ის 9 ივლისს, რუსთავში გაიმართება.