18-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალისტი „ჰიუნდაია“.
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა ჰიუნდაელებმა დღეს სპორტკომპლექს „არენაში“ 16-წლამდელთა
ნაკრები 96:74 დაამარცხეს, სერიაში 2:0 დაწინაურდნენ და ავტომატურად ნახევარფინალში
გადაინაცვლეს. მატჩი 2 განსხვავებულ ნაწილად შეიძლება დავყოთ. პირველ
მეოთხედში ნაკრების მოთამაშეებს ყველაფერი გამოსდიოდათ და 26:11 იგებდნენ კიდეც, თუმცა
მეორე პერიოდიდან ჰიუნდაელები ამოქმედდნენ და დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა 3 ქულამდე
შეამცირეს, მეორე ტაიმში კი მეტოქე პირწმინდად დაჯაბნეს.
ალექსანდრე ბოლქვაძის, სანდრო სანაძის და ლუკა ზაქრაძის
ლიდერობით „ჰიუნდაიმ“ მეორე ტაიმი 62:37 მოუგო ნაკრებს და საბოლოოდ იოლი გამარჯვება
მოიპოვა. 31 ქულით მატჩის ბომბარდირი ბოლქვაძე გახდა, სანაძემ 25 მიითვალა, ლუკა ზაქრაძის
ანგარიშზე კი 23 ქულა, 9 მოხსნა, 9 პასი და 7 ჩაჭრა დაგროვდა. ნაკრებში 27 ქულით დავით
ლომიძე გამოირჩა, რომელმაც 6 სამქულიანი ჩააგდო. 11 ქულა დაუგროვდა დემეტრე წიკლაურს,
ვილი ისიანმა კი ორმაგი დუბლი გაიფორმა – 10 ქულა, 11 მოხსნა.
„ჰიუნდაი“ ნახევარფინალშია და ელოდება „შსს-აკადემიასა“
და „დინამოს“ შორის გამარჯვებულს. ამ გუნდების მეოთხედფინალური სერია დღეს აკადემიის
დარბაზში დაიწყო, სადაც „შსს-აკადემიამ“ 92:88 იმარჯვა და სერიაში 1:0 დაწინაურდა.
მოგებულებს ორმაგი დუბლით, 27 ქულითა და 10 პასით ლევან გორდულაძემ ულიდერა, 25 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა გურამ კენჭიაშვილმა, 13 ქულა რევაზ კიკნაველიძემ , ხოლო 10-10 ქულა არჩილ პულუზაშვილისა და გიორგი გუგეშაშვილის ანგარიშზეა.
დინამოელთა შემადგენლობაში 32 ქულითა და 8 შედეგიანი გადაცემით საუკეთესო ზეზვა ლილუაშვილი იყო, 17 ქულა დააგროვა გიორგი თვალაბეიშვილმა, ხოლო ოთარ ამონაშვილი ორმაგი დუბლის ავტორი გახდა – 10 ქულა, 18 მოხსნა.
ნაკრები97-ჰიუნდაი 74:96
შსს აკადემია – დინამო 92:88