სტატისტიკა18-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური სერია
ძალიან დაძაბულად დაიწყო. საჩემპიონოდ მომართულმა „ზაზა 1“-მა და „ჰიუნდაიმ“ ერთმანეთს
დიდი ბრძოლა გაუმართეს, რომელიც ჰიუნდაელთა გამარჯვებით – 60:58 დასრულდა. ნიკო ჩერქეზიშვილის
გაწვრთნილი გუნდი სერიაში 1:0 დაწინაურდა და 21 ივნისს, სერიის მეორე შეხვედრასაც თუ
მოიგებს, ჩემპიონი გახდება.
„ჰიუნდაის“, რომელმაც შეხვედრა ძალიან კარგად დაიწყო
და დებიუტშივე სოლიდურ უპირატესობას მიაღწია, მესამე პერიოდში ჩავარდნა ჰქონდა და დროულად
რომ არ გამორკვეულიყო, დიდი ალბათობით, წააგებდა. პირველი მეოთხედი „ჰიუნდაიმ“
23:7 მოიგო და ეს უპირატესობა დიდი შესვენებისთვისაც შეინარჩუნა.
პირველი ნახევრის შემდეგ ჩერქეზიშვილის გუნდი 41:25
იგებდა, თუმცა შესვენებიდან დაბრუნებული ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი სულ სხვა შედეგიანობით
ათამაშდა. სერბმა სპეციალისტმა, დეიან პროკიჩმა პრესინგს მიმართა, რამაც გაამართლა.
პრესინგისა და სწრაფი თამაშის წყალობით „ზაზამ“ მესამე პერიოდის საწყისი 6 წუთი
17:0 მოიგო და 42:41 დაწინაურდა. ასეთი ფსიქოლოგიური წნეხიდან ჰიუნდაელებმა თავის დაღწევა
მალე მოახერხეს და პერიოდის დასკვნით წუთებში ლიდერობის დაბრუნება შეძლეს – 50:46.
ბოლო პერიოდმა დაცვით თამაშში, ორმხრივ შეცდომებში ჩაიარა.
ჰიუნდაელებმა მოახერხეს ლიდერობის შენარჩუნება და ფინალური სერიის პირველი შეხვედრა
2 ქულის სხვაობით მოიგეს. გამარჯვებულებს 25 ქულით ლევან თავხელიძემ ულიდერა. 10 ქულა
მიითვალა გიორგი ჯაფარიძემ. „ზაზაში“ 20 ქულით საუკეთესო იყო ნიკა მეცხვარიშვილი,
16 ქულა და 17 მოხსნა ლუკა კალატოზიშვილის ანგარიშზე დაგროვდა.
ფინალური სერიის მომდევნო მატჩი 21 ივნისს, 18:45 საათზე
ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. თუკი „ზაზა“ იმარჯვებს, მე-3, გადამწყვეტი შეხვედრა
23 ივნისს ჩატარდება.