ჰიუნდაიმ სერია გამარჯვებით გახსნა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

ჰიუნდაიმ სერია გამარჯვებით გახსნა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

გამარჯვებით დაიწყო ნახევარფინალური სერია „ჰიუნდაიმ“,
რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში – 81:76 დაამარცხა „შსს-აკადემია“.

 მატჩს თბილისის სპორტის
სასახლემ უმასპინძლა და მაყურებელმა დაძაბული და საინტერესო ორთაბრძოლა იხილა.

 მაყურებელმა 2 ერთმანეთისგან დიამეტრალურად განსხვავებული
ტაიმი იხილა. პირველში „ჰიუნდაი“ დომინირებდა და დამაჯერებელ უპირატესობასაც მიაღწია,
თუმცა მეორე ნახევარში აკადემიელებმა მოახერხეს 28(!)-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა
და მეტოქეს 2 ქულით მიუახლოვდნენ, თუმცა საბოლოოდ გამარჯვების მოსაპოვებლად ძალა აღარ
ეყოთ.

 თანაბარი საწყისი მეოთხედის შემდეგ, მეორე პერიოდი
„ჰიუნდაიმ“ 31:6(!) მოიგო და დიდი შესვენებისთვის 26 ქულით იგებდა. შედეგიანად თამაშობდნენ
ალექსანდრე ბოლქვაძე, სანდრო სანაძე და ლუკა ზაქრაძე. მესამე პერიოდში ეს უკანასკნელი
მოედნიდან 5 პერსონალური შენიშვნის გამო გავარდა, ხოლო ბოლქვაძემ ფეხის ტრავმა მიიღო
და გარკვეული ხნით მოედნიდან სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად გავიდა.

 ეს დანაკლისი ჰიუნდაელებს ძალიან დაეტყოთ და მესამე
პერიოდი ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდმა 18:35 დათმო. ბოლო პერიოდი აკადემიელებმა 10-ქულიანი
ჩამორჩენით დაიწყეს, თუმცა ეს დეფიციტი მალევე აღმოფხვრეს, რაც ლევან გორდულაძის
(14 ქულა, 13 პასი, 9 მოხსნა), არჩილ პულუზაშვილის (20 ქულა, 11 მოხსნა), გურამ კენჭიაშვილის
(16 ქულა) და მათი თანაგუნდელების დამსახურება იყო.

 მატჩის დასრულებამდე სამი  წუთით ადრე მოედანს დაუბრუნდა
ტრავმირებული ბოლქვაძე, რომელმაც ცენტრალური თავდამსხმელის – რუსლან მამფორიას დახმარებით
ჰიუნდაელებს ლიდერობა შეანარჩუნებინა. მამფორიამ 2 უმნიშვნელოვანესი ორქულიანი ჩააგდო
სამწამიანი ზონიდან, ხოლო მანამდე მისმა თანაგუნდელმა ნიკოლოზ ლომიძემ თავისი ერთადერთი
და ძალიან საჭირო სამქულიანი ჩააგდო. 3 ქულით ჩამორჩენილ აკადემიელებს ბოლო შეტევა
დარჩათ, მაგრამ სოსო მაჭავარიანი სასროლად ხელსაყრელ პოზიციაზე ვერ გავიდა.

 ნახევარფინალური სერიის მომდევნო, მეორე შეხვედრა 9
მაისს, 18 საათზე, კვლავ სპორტის სასახლეში გაიმართება. 

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი(ჰიუნდაი):   რა თქმა
უნდა, არ ვარ კმაყოფილი.  ცუდად ვითამაშეთ,
მითუმეტეს მეორე ნახევარში. პირველ ტაიმშიც ბევრი ხარვეზი გვქონდა.

ზურაბ სამხარაძე(შსს აკადემია):  პირველ რიგში, მივულოცავ მეტოქეს გამარჯვებას. საკმაოდ
კარგი გუნდია, ჩანს, რომ მუშაობენ. რაც შეგვეხება ჩვენ, საშინლად ვითამაშეთ, განსაკუთებით
პირველ ტაიმში. მეორე პერიოდში გამოსწორებული თამაში იმის დამსახურებაც იყო, რომ ჰიუნდაის
2 ძირითადი მოთამაშე გამოაკლდა. ბოლო პერიოდში ძალიან მოგვიხშირდა ცუდად ჩატარებული
თამაშები. უკანახაზელები ბევრ შეცდომას უშვებენ, ბევრი დაკარგვა გვაქვს ხოლმე. ხვალინდელი
თამაში აუცილებლად უკეთესად უნდა ჩავატაროთ.

ლუკა ზაქრაძე(ჰიუნდაი):  მიუხედევად შეცდომებისა, თამაში ჩვენს სასიკეთოდ
დასრულდა. მომდევნო მატჩში შევეცდებით ხარვეზების გამოსწორებას.

სოსო მაჭავარიანი(შსს აკადემია):  ვულოცავ ,,ჰიუნდაის’’. პირველი ნახევარი ძალიან ცუდად
ჩავატარეთ და 26 ქულა წავაგეთ. მეორე ნახევარში მოვუმატეთ და სხვაობა 2 ქულამდე დავიყვანეთ,
თუმცა ვერ მოვიგეთ. ბოდიშს ვუხდი ჩემს გუნდს ბოლო ნასროლი ბურთისთვის.