ინტერვიუ ,,ქუთაისის” მწვრთნელთან ზვიად ცერცვაძესთან
18-წლამდელთა ჩემპიონატის რეგულარული სეზონი დასასრულს უახლოვდება. რამდენიმე მატჩიც და ძალიან საინტერესო, დაძაბულ პლეიოფებს ვიხილავთ.
მიმდინარე ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის ,,ა”ჯგუფს ,,ქუთაისი” ერთპიროვნულად ლიდერობს.
ქუთაისელებმა ჩატარებული 12 მატჩიდან 12-ვე გამარჯვება იზეიმეს და რეგულარული სეზონი წაუგებლად დაასრულეს. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდმა თავი შარშანაც გამოიჩინა და ფინალში გავიდა, სადაც უშეღავათო ბრძოლაში ,,სოხუმთან” დამარცხდა და ვერცხლის მედლებს დასჯერდა.
გთავაზობთ ინტერვიუს ქუთაისის გუნდის მთავარ მწვრთნელთან ზვიად ცერცვაძესთან, რომელსაც სხვადასხვა აქტუალურ თემებზე ვესაუბრეთ.
– ზოგადად როგორ შეაფასებდით მიმდინარე 18-წლამდელთა ჩემპიონატს?
– ვერ ვიტყვი, რომ 18-წლამდელთა ჩემპიონატში გუნდების დონე მაღალია. აღნიშნულ ლიგაში მონაწიელობას იღებენ ისეთი სუსტი გუნდები, რომლებიც ვერანაირ კონკურენციას ვერ უწევენ სხვა გუნდებს. ვფიქრობ, პლეიოფები უფრო მეტად საინტერესო და დაძაბული იქნება. ორგანიზების, მსაჯობისა და კალენდრების მხრივ კი წინა წლებთან შედარებით ჩემპიონატი გაცილებით მაღალ დონეზეა.
– მიმდინარე ჩემპიონატში სატურნირო ცხრილს ჯერჯერობით წაუგებლად ლიდერობთ. 12 მატჩიდან არცერთი წაგება არ გაქვთ… რამ განაპირობა ჩემპიონატში თქვენი ასე წარმატებულად გამოსვლა?
– ბიჭების მიერ დაგროვილმა გამოცდილებამ. ჩვენი გუნდიდან არაერთი მოთამაშე ირიცხებოდა თავის შესაბამისს ასაკობრივ ნაკრებში, რამაც მათ გაზრდას ხელი დიდად შეუწყო. ამასთან, ყველა არსებულ ჩემპიონატში მოუწიათ ასპარეზობა და ამ ყველაფერმა ბავშვებს გარკვეული გამოცდილება შესძინა. ამის დამსახურებაა ისიც, რომ მოთამაშეებს თითქმის ყველა პირობა აქვთ შექმნილი გუნდის მხრიდან. ქუთაისის გუნდის სუპერლიგაში მონაწიელება კი მათთვის დიდი სტიმულია.
– რა არის თქვენი მიზანი მიმდინარე სეზონში?
– შარშან ფინალში დასანანი მარცხი განვიცადეთ,,სოხუმთან”. წელს კი აღარ გვინდა რომ ისევ გული დაგვწყდეს. ფინალი უნდა ვითამაშოთ. არავინაა დაზღვეული და წინასწარ რთულია რაიმეს განსაზღვრა, თუმცა ვფიქრობ რეალურად ფინალში გასვლის დიდი შანსი გვაქვს, თანაც ისე რომ შარშანდელი მარცხი აღარ განმეორდეს.
– ვის მიიჩნევთ უშუალო კონკურენტად?
– მართალია, მეორე ჯგუფიდან ბევრი გუნდის თამაში არ მინახავს, მაგრამ მათზე ზოგადი წარმოდგენა გამაჩნია. ვფიქრობ, დიდი პოტენციალი აქვს შსს აკადემიას, ძალიან სიმპატიურია აკადემიის გუნდი, ,,რუსთავი” როგორც ყოველთვის მობილურია, ტრადიციულად კარგი გუნდია ,,სოხუმი”, აგრეთვე ,,ჰიუნდაი” … ორივე ჯფუფში 4-4 გუნდი ისეთი სიძლიერისაა, ვისთანაც ვერ მოდუნდები. მიმდინარე ჩემპიონტში მხოლოდ ,,ქუთაისს” ვერ გამოარჩევ.
– როგორ ფიქრობთ, 18-წლამდელთა ჩემპიონატში მონაწიელე გუნდების რაოდენობა გადამეტებული ხომ არის? რამდენად დასაშვებად მიგაჩნიათ 15 გუნდის მონაწიელობა მიმდინარე სეზონში?
– ამ ყველაფერს თავისი დადებითი მხარეც აქვს და უარყოფითიც, თუმცა მე უფრო დადებითისკენ ვიხრები. ბავშვი იზრდება თამაშით. ვარჯიშით ის ვერ ისწავლის მსაჯთან ურთიერთობას, მოედანზე მოქცევას. სუსტი გუნდის მოთამაშე მეორე წლისთვის გარკვეულ გამოცდილებას დააგროვებს. შეიძლება ესა თუ ის თამაში უინტერესო გამოვიდეს, მაგრამ სამაგიეროდ მომავალ წელს სულ სხვა სურათი შეიქმნება.
– ზოგადად, როგორ შეაფასებდით ,,ქუთაისის” მოთამაშეებს?
– ჩვენი გუნდის მოთამაშეებს საკმაო გამოცდილება აქვთ და დიდი პოტენციელი გააჩნიათ იმისა, რომ კარგი კალათბურთი ითამაშონ. ესენი არიან 1994-1995 წელს დაბადებული ბავშვები, რომლებიც ხშირად სასტარტო ხუთეულში ასპარეზობენ და ძირითადი დატვირთვაც მათ მხრებზე გადადის. ზეზვა ლილუაშვილი, ნოდარ გოგოძე, ლევან გრძელიძე, უჩა გამრეკლიძე, თემურ ფხაკაძე… ეს ის ახალგაზრდა მოთამაშეეები არიან ვისზეც დიდ იმედებს ვამყარებთ. ქუთაისი თბილისთან შედარებით პატარა ქალაქია და ჩვენ არ გაგვაჩნია დიდი რესურსი. თბილისში ერთ რომელიმე კონკრეტულ ასაკში თუ 100 ბავშვი ვარჯიშობს, ჩვენთან ეს რიცხვი 20-ს შეადგენს. შესაბამისად ჩვენი ,,სკამი” ყოველთვის მოკლეა და არ არის სრულყოფილი.
– ქუთაისში სად ვარჯიშობთ და რა პირობები გაქვთ შექმნილი?
– ვვარჯიშობთ ქუთაისის სპორტსკოლაში, სადაც ჩვენს მეტოქეებსაც ვმასპინძლობთ. სპორტსკოლაში არის ერთი დარბაზი და ისიც კალათბურთის. სპორტის სხვა სახეობა იქ არ შემოდის. ქუთაისში კალათბურთის დიდი მოთხოვნილება და ინტერესია, რის გამოც სპორტსკოლა შემოსულ კონტიგენტს სრულად ფიზიკურად ვერ იღებს. სპორტსკოლის ამ ერთ დარბაზში ვარჯიშობენ აბსოლუტურად ყველა ასაკის ბავშვები. დილიდან გვიან საღამომდე დარბაზი გადატვირთულია. ჩვენ სპორტსკოლის უმაღლესი ასაკი ვართ და სულ ბოლოს ვვარჯიშობთ. სუპერლიგა და დუბლები კი სულ სხვა სტრუქტურაა.
– რა მიგაჩნიათ ქუთაისის გუნდის დადებით და უარყოფით მხარედ?
– ის, რომ ყველა თამაში მოვიგეთ, არ არის იმის განმსაზღვრელი რომ ჩვენ ყველაზე ძლიერი გუნდი ვართ და ყველას დავამარცხებთ. მოდუნების საშუალება არ გვაქვს. წინ პლეიოფის ძალიან დაძაბული მატჩები გველის და ზედმეტი თავდაჯერებულობის უფლება არ გვაქვს. ბიჭების მონდომება და მათი გამოცდილება ნაკრებში თამაშის ხარჯზე ჩვენი წარმატების მთავარი მიზეზია. მინუსებს რაც შეეხება,კონკრეტულად ვერ გეტყვით. შეიძლება ითქვას, რომ კალათბურთის არცერთ კომპონენტში არ გვიჭირს და რომელიმე კონკრეტულ რგოლში პრობლემები არ გაგვაჩნია. უბრალოდ კიდევ უფრო უკეთესად შეიძლება თამაში. ამ ასაკის ბავშვები ძირითადად აბიტურიენტები არიან, რომელთაც საატესტატო გამოცდების ჩაბარება უწევთ და შესაბამისად ვარჯიშებიც ხშირად უცდებათ. თუმცაღა ეს ზოგადი, საერთო პრობლემაა და არა მხოლოდ ჩვენი.
– რა ურჩევდით ახალგაზრდა თაობას?
– რაც შეიძლება ბევრი იშრომონ. სხვაგვარად წარმატებას ვერ მიაღწევენ. მხოლოდ ვარჯიშზე მისვლითა და ვალდებულების მოხდის მიზნით თამაში შედეგს არ მოიტანს. პროფესიულად როცა უდგები შენს საქმეს, დიდი შრომა და უამრავი მუშაობაა საჭირო. მითუმეტეს, რომ დღესდღეობით კონკურენცია ძალიან დიდია. კალათბურთელების სიმცირე არ არის, ნაკლებობა არის მაგარი კალათბურთელების, ამიტომ თუ იქნები კალათბურთელი, ან მაღალი დონის უნდა უნდა იყო ან სხვა საქმე აკეთო.
– რამდენი წელია რაც სამწვრთნელო საქმიანობით ხართ დაკავებული და როგორც მწვრთნელი ზოგადად რას იტყოდით თქვენს კოლეგებზე?
– 2000 წლიდან ვეწევი ამ საქმეს, ძალიან პატარებით დავიწყე, შესაბამისად მე არ ძალიან კომპეტენტური, მაგრამ ჩემს აზრს მოგახსენებთ. საქართველოში საკმაოდ ნიჭიერი ხალხია, მაგრამ ყველას სჭირდება განვითარება. მარტო ვარჯიშის ჩატარება არ კმარა. ყველაფერი იცვლება, შემოდის ახალი ტენდენციები. ერთ ადგილზე გაჩერება არ შეიძლება. რაც არ უნდა კარგი მწვრთნელი იყო და რაც არ უნდა მაღალ დონეზე აკეთებდე შენს საქმეს, მაინც არ გაწყენს კიდევ უფრო გაზრდა და განვითარება. ეს მუდმივი პროცესი უნდა იყოს. ასევე ვფიქრობ, მწვრთნელებისთვის საჭიროა სემინარები და ამ მხრივ მათი ყველანაირი მხარდაჭერა.
– და ბოლოს, აუცილებლად უნდა შევეხოთ სუპერლიგის თემას, სადაც ,,ქუთაისი 2010“ საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობს… როგორ შეაფასებდით უმაღლესი ლიგასა და ქუთაისის გუნდს?
– წელს სუპერლიგა ძალიან მაღალ დონეზეა. ჩემპიონატში ისეთი ატმოსფეროა შექმნილი, რომელიც მანამდე არ ყოფილა. ასეთი კარგი სეზონი არავის ახსოვს და ამას ყველა აღნიშნავს. ასეთი სანახაობრივი და ორგანიზებული ჩემპიონატი ჯერ არ გვქონია. შარშან კარგი იყო, მაგრამ წელს გაცილებით უკეთესია. აღსანიშნავია აგრეთვე ლეგიონერების სიმრავლე, რაც უმაღლესი ლიგის დონეს კიდევ უფრო მაღლა წევს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ქვეყანაში დღესდღეობით კარგი საკალათბურთო ამინდია. რაც შეეხება ,,ქუთაისს”, ბიჭები თავდადებით შრომობენ. სწორედ საქმის ასე მიდგომისა და მწვრთნელის ხარჯზე დადგა ეს შედეგი. მათი თამაში არის დალაგებული, გააზრებული და აბსოლუტურად მიზანმიმართული. შეიძლება მოწინააღმდეგე გუნდი არ იყოს შესაბამის ფორმაში და მოიგო კიდეც მატჩი, მაგრამ აშკარაა რომ მათი წარმატებული ასპარეზობა შემთხვევითი არ არის. წარმატებას ვუსურვებ ქუთაისის გუნდს და ვიტყვი რომ თუ სუპერლიგა მაღალი დონის იქნება, ასაკობრივი ლიგებიც კიდევ უფრო გაძლიერდება. საბოლოოდ, ყველაფერი სწორედ ამისკენ მიდის.