საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ელიტაში გადასასვლელ ბრძოლას გამოეთიშა. რუმინეთში მიმდინარე ევროპირველობის B დივიზიონში თემურ კანკიასა და ნიკა ცინცაძის გაწვრთნილმა გუნდმა მეოთხედფინალური მატჩი პოლონეთთან დათმო. საქართველომ მძლავრად ჩაატარა მატჩის პირველი ნახევარი, რომელიც 29:26 მოიგო, თუმცა ძალიან სუსტად ითამაშა საკვანძო მე-3 და ბოლო პერიოდები, რომლებიც ჯამში 15:41 დათმო და საბოლოოდ დიდი სხვაობით – 44:67 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი 4 მოგებითა და 1 მარცხით, მეორე ადგილზე დაასრულა და პლეი ოფში გავიდა. პირველზე გასულმა ჩრდილოეთ მაკედონიამ მეოთხედფინალში ესტონეთი 92:57 გაანადგურა. დანარჩენ საპლეიოფო მატჩებში ისრაელმა შვედეთი 95:47 გაანადგურა, ხოლო ჩეხეთმა პორტუგალიას 83:74 მოუგო.
სწორედ პორტუგალია იქნება ჩვენი ნაკრების მომდევნო მეტოქე, რომლის დამარცხების შემთხვევაშიც კანკიას გუნდი ტურნირზე მე-5 ადგილისთვის მატჩში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს. წაგების შემთხვევაში ჩვენები ტურნირს მე-7 ადგილისთვის მატჩით დაასრულებენ.
საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი 3 აგვისტოს, 15:00 საათზე დაიწყება.
პოლონეთი – საქართველო
სტატისტიკა: 67:44