ლოგიკური და სკანდალური ტური

ლოგიკური და სკანდალური ტური

ქუთაისში მსაჯის შეურაცხყოფის გამო თამაში ჩაიშალა და იმ მომენტში არსებული ანგარიში დაფიქსირდა ოფიციალურ ოქმში. „აკადემია“ 34:16 უგებდა მასპინძელ ქუთაისს და ამ ანგარიშით მოგება ჩაეთვალა, ხოლო ქუთაისელებს წაგებისთვის განკუთვნილი 1 ქულა ცხრილში არ ჩაეწერათ.

 მასპინძლები მსაჯის მიმართ პრეტენზიებს გამოთქვამდნენ, არბიტრ დავით ბერეკაშვილს მიკერძოებულობაში ადანაშაულებდნენ და ერთ–ერთ მომენტში სპორტსკოლის დირექტორი მალხაზ კოხრეიძე მოედანზე შევიდა, რომელმაც ბერეკაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თამაში შეწყდა, ხოლო მომხდარზე კალათბურთის ფედერაციაში იმსჯელეს და იმ მომენტში არსებული ანგარიში დატოვეს ძალაში. ხოლო დისციპლინარულ სანქციას მოგვიანებით გამოიტანენ. გუშინ კი თბილისში, სასოფლო–სამეურნეო უნივერსიტეტის დარბაზში 4 მატჩი გაიმართა, სადაც ლოგიკური შედეგები დაფიქსირდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის „ენერჯიმ“ კახა შენგელიას „მართვე–2“–ს იოლად მოუგო, რაც მოსალოდნელიც იყო. მართველებს აკლდათ რამდენიმე ძირითადის წევრი და გიორგი გლოველის 37 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა წარმატებისთვის.  საკმაოდ დაძაბული იყო ჩემპიონატში ყველაზე ნაკლები წაგების მქონე „დინამოსა“ და „ქუთაისის“ შეხვედრა. იმერლები მოულოდნელად დაწინაურდნენ და ბოლო მეოთხედამდე ამარცხებდნენ დავით თორთლაძის გუნდს, თუმცა სენსაციის მოხდენა სტუმრებმა ვერ მოახერხეს. დინამოელი ირაკლი ალხანაიძე შეუჩერებელი იყო ქუთათურთათვის, რამაც შედეგი გადამწყვეტ ათწუთეულში გამოიღო. „დინამომ“ 28:9 მოიგო ბოლო მეოთხედი და მასთან ერთად მატჩიც. პირველი ექსპერიმენტარული სკოლის გუნდს გაუჭირდა ჩემპიონატში ყველა წაგების მქონე 1993–წლიანთა ნაკრების დამარცხება. გია კაზანჯიანის გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში უძალიანდებოდა სერგო იშხნელის შეგირდებს, უმეტესად ლიდერობდა კიდეც, მაგრამ საბოლოოდ საწადელ გამარჯვებას ვერ მიაღწია. ასაკმა და გამოცდილებამ თავისი გაიტანეს. დღის ბოლო შეხვედრაში სპორტული ბრძოლა არ შედგა, თუმცა „აკადემიამ“ და „მართვე–1“–მა სხვა სახის ბრძოლა გამართეს. თამაშის დასრულებას ხუთიოდ წუთი აკლდა, როცა გუნდებმა ერთმანეთთან ხელჩართული ჩხუბი დაიწყეს. 2 მოთამაშე ერთმანეთს რაღაც ეპიზოდში წაეკიდა და ჩხუბში როგორც მოედანზე მყოფები, ასევე სათადარიგოებიც ჩაებნენ. რამდენიმეწუთიანი შეხლა–შემოხლის შემდეგ თამაშიდან 4–4 მოთამაშის გარდა ყველა გააძევეს. „აკადემია“ ამ ინციდენტის დაწყებამდე 18 ქულას იგებდა და საბოლოო გამარჯვებამდეც იოლად მივიდა.