მამუკა ტურაშვილის გაწვრთნილი U16 გუნდი “დინამო” 18-წლამდელთა “ბ” ლიგის გამარჯვებულია. აღნიშნულ ტურნირში მთლიანობაში “დინამოს” საკალათბურთო სკოლის სამი გუნდი გამოდიოდა და გამარჯვებული ერთ-ერთი, “დინამო 3”-ად წოდებული გუნდი გახდა.
როგორც აღვნიშნეთ, ეს გახლავთ 16-წლამდელთა გუნდი, რომელიც მამუკა ტურაშვილმა გამოცდილების მისაღებად და შესათამაშებლად 18-წლამდელთა “ბ” ლიგაში გამოიყვანა. საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან გაფორმებული მემორანდმის საფუძველზე “ბ” ლიგების ასაკობრივ ჩემპიონატებს თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი ატარებს და მასში ძირითადად ის გუნდები ასპარეზობენ, რომლებიც ეროვნულ ჩემპიონატში ვერ მოხვდნენ.
“დინამო” საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატში ასპარეზობს და პლეი ოფში ცხრილში პირველი ადგილიდან გავიდა, თუმცა მწვრთნელმა გუნდი 18-წლამდელთა “ბ” ლიგაშიც გამოიყვანა და ჩემპიონიც გახადა. დინამოელებმა ტურნირი წაუგებლად დაასრულეს: ჯგუფში რვავე შეხვედრა მოიგეს, შემდეგ კი, პლეი ოფში, 6 მატჩშიც იმარჯვეს და ჩემპიონები გახდნენ.
ფინალში “დინამოს” მეტოქეობას “თელავი” უწევდა, რაც კახეთის რეგიონისთვის ჩინებული შედეგია. 18-წლამდელთა “ბ” ლიგაში 25 გუნდი ასპარეზობდა და თელაველებმა დიდ ბრძოლაში მოიპოვეს ფინალის საგზური, სადაც დინამოელებთან საკონკურენციოდ ძალა აღარ შერჩათ. მომავალმა ჩემპიონმა ფინალური სერიის 2 მატჩი ჯამში 63 ქულით – 81:48 და 95:65 – მოუგო “თელავს” და დამსახურებული ჩემპიონი გახდა.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა დინამოელი ვოვა თავაქარაშვილი, რომელიც საქართველოს კალათბურთს ეროვნული ფედერაციის წარმომადგენელმა – ზაზა ღონღაძემ დააჯილდოვა. მაყურებელთა სიმპათიის პრიზი კი თელაველმა ალექსანდრე ძამუნაშვილმა დაიმსახურა. მას პრიზი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტმა – ვლადიმერ ძიძიგურმა გადასცა.
მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ მეორე და, რა თქმა უნდა, პირველი ადგილის მფლობელი გუნდები. პრიზიორებს მედლები თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის გამგეობის წევრებმა – მამუკა ლომიძემ და გიგი ჩაჩანიძემ გადასცეს.
დაბოლოს, საჩემპიონო თასი დინამოს კაპიტანმა გიორგი ბიგანაშვილმა კავშირის პრეზიდენტ ვლადიმერ ძიძიგურისგან ჩაიბარა.