ტრაგიკულად დაღუპული 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლის, მათე გოგრიჭიანის მემორიალური ტურნირი კალათბურთში მე-4-წელია, ტარდება. ტურნირში ძველი თბილისის რაიონის სკოლები მონაწილეობენ და წლევანდელი გათამაშების ფინალში 51-ე და 53-ე სკოლების გუნდები გავიდნენ.
ფინალური მატჩი ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა, რომლის დაწყებამდეც მატჩის მონაწილეებმა და მაყურებლებმა 51-ე სკოლის ტრაგიკულად დაღუპულ მოსწავლეების ხსოვნას მიაგეს პატივი. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი 53-ე სკოლა გახლდათ, რომელსაც ამჯერად 51-ე სკოლის სახით ძალიან ძლიერი მეტოქე ჰყავდა.
შეხვედრა საკმაოდ საინტერესო გამოვიდა, რომელიც 51-ე სკოლელების უპირატესობით მიმდინარეობდა და მათი გამარჯვებით – 87:76 დასრულდა. მათე გოგრიჭიანის სახელობის თასის მფლობელ 51-ე სკოლელებს 32 ქულით საბა სოხანეიშვილმა ულიდერა.
ფინალის მონაწილე გუნდები შესაბამისი სიგელებით ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, 51-ე სკოლის წარმომადგენელმა, თინიკო ყენიამ დააჯილდოვა. გამარჯვებული გუნდის კაპიტანს მათე გოგრიჭიანის სახელობის თასი გადასცა.