მესხის 35 ქულამ “მართვეს” “ჰიუნდაი” დაამარცხებინა

მესხის 35 ქულამ “მართვეს” “ჰიუნდაი” დაამარცხებინა

დაახლოებით ისეთი რამ შეემთხვა „ჰიუნდაის“ დღეს, რაც წინა მატჩში „დინამოს“
შეამთხვია. იმ მატჩში ჰიუნდაელებმა ბოლო მეოთხედში 16–ქულიანი ჩამორჩენა
გააბათილეს და იმარჯვეს, დღეს კი „მართვეს“ 15–ით უგებდნენ და საბოლოოდ
დამარცხდნენ

შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის გამოვლენას
დამატებითი 5–წუთეული დასჭირდა. თუმცა საქმე ოვერტაიმამდე რომ მივიდა, მართლაც
საოცარია, რადგან „ჰიუნდაი“ თამაშის ძირითადი დროის ამოწურვამდე 6 წუთით ადრე 15
ქულით ლიდერობდა სულ ცოტა გამძლეობა უნდოდა, რომ გაემარჯვა, მაგრამ…

„მართვეს“ ლიდერი გეგა მესხი, რომელმაც საბოლოოდ 35 ქულა მიითვალა,
შეუჩერებელი აღმოჩნდა. მისი დახმარებით ხათუნა გაბედავას გუნდმა ნელ–ნელა იწყო
ჩამორჩენის გაბათილება და ბოლო წუთზე ჰიუნდაელთა უყურადღებობით (ბურთი ორჯერ
დაკარგეს) და გიორგი გაბისონიას 2 მიჯრით განხორციელებული შედეგიანი გარღვევის
შედეგად მართველებმა ანგარიში გაათანაბრეს.

დამატებით დროში კი მორალურად გატეხილი ჰიუნდაელები ვერას გახდნენ
თამაშის შემომტრიალებელ მართველებთან. არჩილ ფეიქრიშვილმა თამაში საკუთარ თავზე
აიღო და „ჰიუნდაის“ იმდენი საჯარიმო ჩაუგდო, რომ წასაგებად გაწირა.

მეორე შეხვედრაში „სოხმუმმა“ იოლად მოუგო „სალხინოს“. პირველი ტაიმის
შემდეგ თითქმის ყველაფერი გარკვეული იყო, სოხუმელები 46:22 იგებდნენ.
გამარჯვებულთაგან გიორგი ამირხანაშვილი გამოირჩა, რომელმაც შედეგიანი გარღვევების,
რომ იტყვიან, აიკლო „სალხინოს“ საჯარიმო და საბოლოოდ 32 ქულას მოუყარა თავი.  ამ გამარჯვებით სოხუმელები ლიდერ „ქუთაისს“ კი
გაუთანაბრდნენ, მაგრამ ეს დროებითი მოვლენაა, რადგან იმერლებს 2 მატჩით ნაკლები
აქვთ ჩატარებული.

პირველ ჯგუფში კი მიუხედავად მარცხისა, მაინც „ჰიუნდაი“ ლიდერობს.
თითო ქულითა და თამაშით ნაკლები აქვთ „დინამოსა“ და „მართვეს–1“–ს.