ნაკრები “რუსთავს” ბოლომდე ებრძოლა

ნაკრები “რუსთავს” ბოლომდე ებრძოლა

18–წლამდელთა ჩემპიონატში სამი მატჩი გაიმართა – 2 „დინამოს“ ბაზაზე, ერთსაც ქუთაისმა უმასპინძლა. ბრძოლა არც ერთ მათგანში არ შედგა, თუმც გამოსარჩევი მაინც 16–წლამდელთა ნაკრებისა და რუსთაველთა დაპირისპირებაა.

ნაკრები ახალი შეკრებილია, გია კაზანჯიანის გუნდში სასელექციო მუშაობა მიმდინარეობს და მიუხედავად ამისა, 16–წლამდელებმა უფროსებთან მატჩში საკუთარი ძალა გამოაჩინეს. ზეზვა ლილუაშვილი საკმაოდ სწრაფი გამთამაშებელია და გამუდმებით აწუხებდა რუსთაველებს, მაგრამ ახალგაზრდებს კლასი არ ჰყოფნიდათ და ხშირ შემთხვევაში შედეგიანად ვერ აგვირგვინებდნენ სწრაფ შეტევებს. რუსთაველებმა ძირითადად ტანმაღალი მოთამაშეების ხარჯზე იმარჯვეს. ჯაბა არაბული და ბექა ზედელაშვილი სამწამიან ზონაში გაბატონდნენ და ქვემოქართლელებმაც ბოლო მეოთხედში გატეხეს 16–წლამდელები.ნუგზარ კანდელაკის გაწვრთნილმა „ავერსმა“ ზურაბ სამხარაძის „ზაზა“ დიდი სხვაობით დაამარცხა, რითაც საკუთარი ამბიციები გამოაჩინა. „ავერსი“ ერთ–ერთი ფავორიტი იქნება მიმდინარე ჩემპიონატში სოხუმის, ქუთაისის და რუსთავის გუნდებთან ერთად.. პირველ ტურში „სოხუმთან“ წაგების შემდეგ „ქუთაისმა“ „ორბი“ არ დაინდო და 42 ქულით დაამარცხა. თემურ ფხაკაძემ, დიტო დვალიშვილმა და ლევან გრძელიძემ იმერულ გუნდს იოლი გამარჯვება მოაპოვებინეს.