ნაკრებმა მრისხანება გამოავლინა

ნაკრებმა მრისხანება გამოავლინა

16–წლამდელთა ნაკრები უკვე აღარ ხუმრობს. გია კაზანჯიანის გუნდი
18–წლამდელთა ჩემპიონატში კონკურსგარეშე რომ არ იყოს, ალბათ პლეი ოფში გასვლისთვის
და მაღალი ადგილებისთვის იბრძოლებდა.

კადეტთა ნაკრებმა დღეს სპორტის სასახლეში, სუპერლიგის მორიგი ტურის
წინ გამართულ მატჩში „ნიკე“ დაამარცხა და ეს ზედიზედ მეორე წარმატებაა კაზანჯიანის
გუნდისთვის. წინა დღეს, 16 თებერვალს, ნაკრებმა „სოხუმს“ არ დაუტოვა შანსი, დღეს
კი „ნიკესაც“ გამანადგურებელი მარცხი აგემა.

თავიდანვე დალაგებულად დაიწყეს ნაკრებელებმა თამაში. მწყობრი დაცვა
იყო კაზანჯიანის გუნდის წარმატებული თამაშის მიზეზი. „ნიკე“ შებოჭილი იყო და
შეტევის ორგანიზებას ვერ ახერხებდა. კაზანჯიანის გუნდმა კი სწრაფი შეტევებით
პირველი მეოთხედის მეორე ნახევარში ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა – 22:12.

იყო მომენტები, როცა ნიკელები აფეთქდებოდნენ და სხვაობის შემცირებას
იწყებდნენ, მაგრამ ამას ნაკრების მწვრთნელი წუთშესვენებებს და დროულ ცვლილებებს
უპირისპირებდა, რამაც ის შედეგი მოიტანა, რომ დიდი შესვენებისთვის ნაკრები უკვე 15
ქულით იგებდა.

მეორე ტაიმი ფორმალობა აღმოჩნდა. ნაკრების უკანახაზელები – ნიკა
რამიშვილი, ლევან გრძელიძე და ირაკლი მიქელაძე გასაქანს არ ეძლევდნენ მეტოქეს და
საბოლოოდ კაზანჯიანის გუნდმა მეორე გამარჯვება მოიპოვა მიმდინარე სეზონში.

მატჩის სტატისტიკა: http://u-18.ge/results.php?gameid=109