საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება ფიბა-ს გენერალური მდივნის, პატრიკ ბაუმანის მრჩეველი, ლიუბომირ კოტლება. ფიბა-ს ჩინოსანი იმ პროგრამის ფარგლებშია ჩამოსული, რომელსაც ეროვნული საკალათბურთო ფედერაციების სტრუქტურების, ინფრასტრუქტურის, მუშაობის პრინციპებისა და სხვა სტრატეგიული საკითხების შესწასვლა და შემდგომში, შესაბამისი დასკვნის გაკეთების შემდეგ, საჭირო მიმართულებით დახმარების გაწევა ევალება.
ლიუბომირ კოტლება იმ დაწესებულებებსა და ობიექტებს ესტუმრა, რომლებთანაც საქმიანი შეხება კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას გააჩნია. ფიბა-ს ჩინოსანმა დაათვალიერა სპორტული დარბაზები, ფედერაციის სამუშაო ოფისი, შეხვდა ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ გაბრიჩიძეს და გენერალურ მდივან გიორგი ქართველიშვილს, რომლებისგანაც ქართული კალათბურთის მდგომარეობის, პრობლემებისა და პერსპექტივების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
ფიბა-ს გენერალური მდივნის მრჩეველს საქმიანი შეხვედრა ჰქონდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან, აკაკი ლოდიასთან. გაბრიჩიძესა და ქართველიშვილთან ერთად კოტლება მინისტრის მოადგილეს ქართული კალათბურთის მიმდინარე საკითხებზე ესაუბრა. ფიბა-ს წარმომადგენელმა მოიწონა სპორტის სამინისტროსა და ზოგადად სახელწიფოს მაღალი როლი კალათბურთის დახმარების საქმეში. აკაკი ლოდიამ კოტლებას ის გეგმები გააცნო, რომელთა განხორციელებასაც სპორტის სამინისტრო კალათბურთის მიმართებაში აპირებს.
ფიბა-ს ჩინოსანი შეხვდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალურ მდივან ემზარ ზენაიშვილს. ლიუბომირ კოტლება გასული წლის ზაფხულში ფიბა-ს მიერ თბილისის ახალგაზრდულ ფესტივალზე იყო მოვლინებული და აქაურ ინფრასტრუქტურას კარგად იცნობს. გამართული შეხვედრებისა და თბილისში ნანახი სპორტული ნაგებობების შემდეგ ფიბა-ს ჩინოსანმა განაცხადა, რომ საქართველოს მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის ყველა პირობა გააჩნია.
კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად ლიუბომირ კოტლებამ დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მდებარე ქართული სპორტის მიღწევების მუზეუმი დაათვალიერა. დღესვე ფიბა-ს ჩინოსანი კიდევ რამდენიმე სამუშაო შეხვედრას გამართავს და საქართველოს ხვალ დატოვებს.