ქუთაისელებმა თბილისში აკადემიურად ითამაშეს

ქუთაისელებმა თბილისში აკადემიურად ითამაშეს

დღეს ორივე ჯგუფის მოწინავე და ამბიციური
გუნდები ხვდებოდნენ ერთმანეთს. მატჩებიც თვალსასეირო გამოდგა. „ჰიუნდაიმ“ „დინამოს“
მოუგო, ტურნირის ერთადერთი წაუგებელი გუნდი „ქუთაისი“ კი ისევ დაუმარცხებელია

ორივე შეხვედრა საინტერესო იყო, თუმც განსაკუთრებულ ყურადღებას მაინც „აკადემიისა“
და „ქუთაისის“ შეხვედრა იწვევდა. ეს მაყურებელთა სიმრავლემაც გამოაჩინა და თავად
მატჩში მონაწილე გუნდების ამბიციურობამაც. „აკადემია“ ამ 18–წლამდელთა ჩემპიონატის
მოქმედი ჩემპიონია და მოთამაშეთა აბსოლუტური უმრავლესობა გასული სეზონიდან
შენარჩუნებული ჰყავს (ანუ ასაკი აძლევთ ამ შეჯიბრში მონაწილეობის უფლებას), ხოლო „ქუთაისი“
ამ სეზონში იმ მოთამაშეებით გაძლიერდა, რომლების მხრებზეც გასულ წელს 16–წლამდელთა
ჩემპიონატში გამარჯვებამ გადაიარა. მოკლედ რომ ვთქვათ, ქუთაისელები კადეტთა ასაკში
არიან ჩემპიონები, აკადემიელები კი – ჭაბუკთა ასაკში, წლეულს მათ ერთ ჩემპიონატში
უწევთ თამაში და ორივე მხარეს მხოლოდ ჩემპიონობა სწყურია.

ამ გუნდების პირველი შეხვედრა ქუთაისში გასული წლის დეკემბერში
ჩატარდა და მასპინძელთა ძნელი, თუმც მაინც გამარჯვებით დასრულდა. იმ შეხვედრაში „აკადემია“
მხოლოდ 6 მოთამაშით იყო, თუმცა მასპინძლებს მაინც მედგარი წინააღმდეგობა გაუწია და
ბოლო წუთებზე დამარცხდა. დღევანდელ მატჩში „აკადემიას“ სრული შემადგენლობა ჰყავდა,
თითქმის მთლიანად 18–წლამდელთა ნაკრების წევრებით დაკომპლექტებული გია კაზანჯიანის
გუნდი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იყო.

იგივე შეიძება ითქვას ქუთათურებზეც – ზვიად ცერცვაძისა და მალხაზ
კოხრეიძის დამოძღვრილი გუნდი თბილისში 20–30 ქომაგის თანხლებითა და ოპტიმალური
შემადგენლობით ჩამოვიდა. ამ მატჩს ის პრინციპული მნიშვნელობაც ჰქონდა, რომ
ძირითადად აქ წყდებოდა ჯგუფის გამარჯვებულის ბედი. ეს ორი გუნდი ჯგუფის დანარჩენ
წევრებზე იმდენად მაღლა დგას, რომ ალბათ ძალიან დიდი მოულოდნელობა იქნება, რომ
ერთმანეთის გარდა სხვა მეტოქეებთან წააგონ. ხოლო ეს გახლდათ „ქუთაისისა“ და „აკადემიის“
ბოლო შეხვედრა ჯგუფში და „აკადემიას“ იმაზე მეტი ქულით გამარჯვება სჭირდებოდა,
რამდენითაც ქუთაისში დამარცხდა. ჯგუფში პირველი ადგილი გუნდს პლეი ოფში მოედნის
უპირატესობას აძლევს, ხოლო ქუთაისში თამაში რომ ნებისმიერი გუნდისთვის დიდი
დისკომფორტი, ხოლო მასპინძელთათვის სოლიდური უპირატესობაა, ამაში არავინ
შემოგვედავება.

ქუთაისელებმა პირველი შეხვედრა 76:68 მოიგეს და თუ მაინცდამაინც
მარცხი იყო, 8 ქულაზე მეტით არ უნდა წაეგოთ. მატჩი თანაბრად დაიწყო, ორივე გუნდი
ფრთხილობდა და დაცვაზე აკეთებდა აქცენტს. ამიტომაც იყო, რომ მეფარეებს შედარებით
უჭირდათ, ფარქვეშ ვერ შედიოდნენ, ხოლო შორიდან სროლაში ვერც ერთმა გუნდმა ვერ
მოიპოვა უპირატესობა. პირველი მეოთხედი „აკადემიამ“ 2 ქულით მოიგო, მეორე კი ამავე
სხვაობით ქუთათურებს დარჩათ და პირველი ტაიმი ფრედ – 42:42 დასრულდა.

მეორე ტაიმიდან ამოქმედდა ქუთაისელთა უკანა ხაზი და ფარქვეშ ფეხი
მოიკიდა ავთანდილ ლომინაშვილმაც. ლევან გრძელიძე, რომელიც 16 წლისაც არაა, ქუთაისელთა
მთავარი ლიდერი გახლდათ და თბილისელთა დაცვას არ ასვენებდა. რა თქმა უნდა, მთელი გუნდი დაეხმარა, მაგრამ მაინც სწორედ გრძელიძე გახდა მატჩში გარდამტეხის შემტანი.
მან სამქულიანებიც ჩააგდო, დაცვაშიც არაერთი ბურთი ჩაჭრა და სწრაფ შეტევებსაც
შედეგიანად აგვირგვინებდა. 

გრძელიძის გარდა დაცვაში გამოირჩეოდა და შეტევაშიც ყოჩაღობდა ვახტანგ
ცაგარეიშვილი, რომელიც უკანახაზელია, მაგრამ ფარიდან ასხლეტილი ბურთების
მოპოვებაში ლიგის ერთ–ერთი ლიდერია. 190 სანტიმეტრი სიმაღლის ცაგარეიშვილი
საშუალოდ 12,6 ბურთს ხსნის მატჩში, დღეს კი მან 14 ფარიდან ასხლეტილი ბურთი
მოიხელთა და პლუს ამას, 6 ჩაჭრაც მიითვალა.

მესამე პერიოდის შუა 5–წუთეულში ქუთაისელებმა უდიდესი უპირატესობა
მოიპოვეს. მათ ყველაფერი გამოსდიოდათ და სტუმართა ლიდერობამ 18 ქულას უწია. „აკადემიის“
მწვრთნელი ცდილობდა მეტოქის ნაირგვარი ხერხებით შეჩერებას, მაგრამ არც
წუთშესვენებამ გაჭრა, არც შეცვლებმა და არც ტაქტიკურმა გადაადგილებებმა.
ქუთაისელთა ზონური დაცვა გაუვალი იყო, ხოლო შორიდან აკადემიელი ბექა ჭიჭვეიშვილის
გარდა სროლა არც ლევან ელიაძეს წაუვიდა, არც მერაბ ბოქოლიშვილს და არც ნოდარ
თენიეშვილს.

18–ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ აკადემიელები ცოტა გამოფხიზლდნენ და
გადამწყვეტი მეოთხედის დაწყებამდე მეტოქეს 12 ქულამდე მიუახლოვდნენ. ამასობაში
ქუთაისელები პერსონალური ჯარიმებით დაიხუნძლნენ და სტუმრებს ძირითადი ბირთვის დასვენება მოუხდათ. თუმცა სათადარიგოებმაც გაუმართლეს ქუთაისელებს – ერთ–ერთმა
მათგანმა, დიმიტრი დვალიშვილმა მცირე მონაკვეთში 8 ქულა მიითვალა და სტუმრებს
საქმე გაუიოლა.

ბოლო მეოთხედის დაწყებასთან ერთად როგორც იქნა ათამაშდნენ გია
კაზანჯიანის შეგირდები. მერაბ ბოქოლიშვილმა არაერთი ბურთი ჩაჭრა, სწრაფი და
შედეგიანი კონტრშეტევები განახორციელა, შორიდან ელიაძემაც ჩააგდო და საფინალო
სირენამდე 5 წუთით ადრე „აკადემია“ 2 ქულით მიუახლოვდა „ქუთაისს“ – 70:72.

წესით, ასეთ დროს გუნდების უმეტესობა მორალურად ტყდება და ამხელა
უპირატესობის განიავებისგან დაზაფრული მისი მოთამაშეები შეცდომებს უშვებენ.
ქუთაისელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ასეთ კრიტიკულ მომენტში ისინი არ
გატყდნენ, აკადემიელებს კი ნერვიულობა დაეტყოთ და მათ ხისტ თამაშს უმატეს. ამას კი
ტექნიკური მოჰყვა, ხოლო იმის მაგივრად, რომ აკადემიელებს მეტოქეთა ლიდერების
პერსონალურებით ესარგებლად, თავად აღმოჩდნენ ამის მსხვერპლნი. მერაბ
ბოქოლიშვილმა სირენამდე 4 წუთით ადრე მე–4, ხოლო მალევე მე–5 პერსონალური მიიღო და
მოედანი დატოვა. ქუთაისელებმა კი სიდინჯე გამოიჩინეს, თემურ ტყაბლაძემ, გრძელიძემ
და გიორგი იაშვილმა საიმედოდ ჩაითამაშეს დარჩენილი დრო და სტუმართა უპირატესობამ
ისევ 10–ქულიან  ზღვარს გადააჭარბა, რის
შემდეგაც ყველაფერი ნათელი გახდა.

პირველი ჯგუფის ამბიციური გუნდების მატჩი არცთუ საინტერესოდ დაიწყო და
წარიმართა, თუმცა საკმაოდ დაძაბულად კი დასრულდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის „ჰიუნდაი“
13:0 დაწინაურდა, ხოლო მერე და მერე ლიდერობა ლამის 30 ქულამდე გაზარდა. გადამწყვეტი
მეოთხედის დაწყებამდე „ჰიუნდაი“ 26 ქულით ლიდერობდა, თუმცა დავით თორთლაძის გუნდმა
ლამის სასწაული მოახდინა. ირაკლი ალხანაიძე, რომელიც მთელი თამაში წვალობდა, ბოლო
მეოთხედში საბოლოოდ ათამაშდა და „ჰიუნდაის“ საჯარიმოში გაბატონდა. მას მხარი უკანახაზელებმაც
აუბეს და ბოლო წუთზე „დინამო“ 2 ქულით მიუახლოვდა „ჰიუნდაის“.

რაკი დრო აღარ იყო, დინამოელებმა ტაქტიკური ჯარიმა აიღეს, თუმც ბექა
ღუდუშაურმა ორივე სროლა ჩააგდო და „ჰიუნდაის“ გამარჯვება მოუტანა. ამ მატჩის
შემდეგ ეს გუნდები ცხრილის სათავეში ერთად განლაგდნენ, ხოლო მათ ერთი ქულით
ჩამორჩება „მართვე–1“, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.