18-წლამდელთა წლევანდელი სეზონის ჩემპიონი ,,ქუთაისი” გახდა, რომელმაც საკუთარ მოედანზე ფინალური სერიის გადამწყვეტ მატჩში ,,რუსთავი” 105:82 დაამარცხა, სერიაში 2:1 იმარჯვა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ქუთაისელებმა მატჩი თავიდანვე დამაჯერებლად დაიწყეს და პირველ ათწუთეულში 21:15 დაწინაურდნენ, ხოლო დიდ შესვენებაზე 12-ქულიანი უპირატესობით 44:32 გავიდნენ. ქუთაისის გუნდმა მესამე მეოთხედშიც მობილიზებულად იასპარეზა და თავის სასარგებლოდ 70:56 დააფიქსირა, ხოლო დასკვნით მეოთხედში მეტოქეს შანსიც არ დაუტოვა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. რუსთავის გუნდი მასპინძლებთან ვერაფერს გახდა და ვერცხლის მედლებს დასჯერდა.
,,ქუთაისის” შემადგენლობაში ყველაზე მეტი 39 ქულა ლევან გრძელიძემ დააგროვა, 32 ქულა გრძელიძის თანაგუნდელმა ნოდარ გოგოძემ მიითვალა. ,,რუსთვის” მხრიდან კი თავი გიორგი ოქროჭელიძემ გამოიჩინა, რომელმაც 31 ქულითა და 16 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.
მატჩის დასრულების შემდეგ ქუთაისისა და რუსთავის გუნდების მწვრთნელებმა შემდეგი კომენტარები გააკეთეს.
ირინა მელქაძე (ქუთაისის მწვრთნელი): ვულოცავ ქუთაისის გუნდს ამ ბრწყინვალე წარმატებას. დღეს გუნდმა წინა მატჩისგან სრულიად განსხვავებული თამაში აჩვენა და ძალიან ერთსულოვანი იყო. მეტოქე ყველა კომპონენტში დავჩაგრეთ და ტაქტიკურ თუ ფიზიკურ მონაცემებში აშკარად ვაჯობეთ. მოგეხსენებათ, შარშან 18-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ,,სოხუმთან” წავაგეთ, რის მერეც მიზნად წლევანდელ სეზონში პირველობის მოპოვება დავისახეთ და გამოგვივიდა კიდეც. როგორც იცით ერთადერთი მარცხი ამ სეზონში მხოლოდ ფინალური სერიის წინა მატჩში, რუსთავში განვიცადეთ. გადამწყვეტ შეხვედრაში კი ძალიან მობილიზებულად ვიასპარეზეთ და მიზანს მივაღწიეთ. კიდევ ერთხელ ვულოცავ ქუთაისის გუნდს და მოთამაშეებს ამ ბრწყინვალე გამარჯვებას.
ირაკლი მებურიშვილი (რუსთავის მწვრთნელი): როგორც მოსალოდნელი იყო თამაში ძალიან დაძაბული გამოდგა. როგორც ჩანს ქუთაისის გუნდი ჩვენზე მოტივირებული იყო და გამარჯვებასაც მიაღწია. მეტოქეს ყველაფერი გამოუვიდა, ჩვენ კი ვერაფერი გავაწყეთ, განსაკუთრებით კი დაცვაში. ამ კომპონენტში ძალიან ცუდად ვიასპარეზეთ და წაგების მიზეზიც ეს გახდა. რაც შეეხება ზოგადად სეზონს, მას დადებითად შევაფასებდი და კმაყოფილი ვარ. წელს საკმაოდ მოიმატა მსაჯობის დონემაც. განსაკუთრებით კი მაკა კუპატაძეს გამოვარჩევდი, რომელიც ნომერ პირველი მსაჯია. ერთადერთ პრობლემად ქუთაისის დარბაზი მიმაჩნია, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ეს ზოგადი ხარვეზია და ვიმედოვნებ მომავალში აუცილებლად გამოსწორდება.