რუსთაველების გმირობა და “ენერჯის” საპლეიოფო ნახტომი

რუსთაველების გმირობა და “ენერჯის” საპლეიოფო ნახტომი

 დღეს გამართულ მატჩებში ისეთი შედეგები დაფიქსირდა, რომ ისედაც დაძაბული სატურნირო ვითარება კიდევ უფრო გამძაფრდა. თუმცა ერთი რამ თითქმის გაცხადდა: სასწაული უნდა მოხდეს, რომ „აკადემია“ პლეი ოფს მიღმა დარჩეს.
ეს თეორიულად, თორემ პრაქტიკულად გადაწყვეტილია „აკადემიკოსების“ პლეი ოფში გასვლა. ის კი არა, გია კაზანჯიანის გუნდს რეგულარული ჩემპიონატის პირველ ადგილზე დასრულების შანსიც გაუჩნდა – დღეს წააგო „დინამომ“, რომელსაც სეზონში ყველაზე ნაკლები, 2 მარცხი ჰქონდა და დაკარგული ქულების მხრივ „აკადემიას“ გაუთანაბრდა. „დინამოს“ მარცხი სწორედაც რომ დიდი მოულოდნელობა იყო. დავით თორთლაძის გუნდმა ისეთ მეტოქეებს მოუგო, რომ რუსთაველთა დამარცხება არ უნდა გასჭირვებოდა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა და ამით ქვემოქართლელებსაც პლეი ოფში გასვლის იმედი ჩაუსახა.შეიძლება ითქვას, რომ „დინამომ“ ეს მატჩი ორჯერ წააგო. ჯერ მაშინ, როცა მისმა ჩამორჩენამ 20 ქულას გადააჭარბა და მეორედ, როცა ეს ჩამორჩენა აღმოფხვრა, დაწინაურდა კიდეც და ბოლო წუთებზე დაშვებული შეცდომის გამო ეს თითქმის გადარჩენილი მატჩი დათმო. ეს გახლდათ ორი მოთამაშის დაპირისპირება – „დინამოს“ მხრიდან ირაკლი ალხანაიძის, ხოლო რუსთაველთაგან – აკაკი დვალიშვილის. პირველმა 31 ქულა მოიხვეჭა, მეორემ – 25, თუმცა დვალიშვილმა 24 მოხსნაც დააგროვა და თავის გუნდს ფარი პირწმინდად მოაგებინა.როცა დინამოელებმა 20–ქულიანი ჩამორჩენა გააბათილეს და ბოლოსწინა წუთზე ანგარიში გათანაბრდა, რუსთაველმა ფარნაოზ გურულმა სამქულიანი ჩააგდო. თუმცა ალხანაიძემ ფარქვეშიდან მიჯრითჩააგდო 2 ბურთი და „დინამო“ 69:68 დააწინაურა. საფინალო სირენამდე წუთზე ნაკლები რჩებოდა, როცა აკაკი დვალიშვილზე დინამოელები დაჯარიმდნენ და ამ უკანასკნელმა ორივე სროლა ჩააგდო. თორთლაძის გუნდს ბოლო შეტევისთვის 30 წამი რჩებოდა, ბურთიც კარგა ხანს ათამაშა და საბოლოოდ ფარქვეშ შეჭრილმა გივი ბაქრაძემ ზუსტი პასის განხორციელება ვეღარ შესძლო. დინამოელებმა ტაქტიკური ჯარიმა აიღეს და ბოლო შეტევისთვის 3 წამი დაიტოვეს. თუმცა მანამდე გურულმა რუსთაველების უპირატესობა საჯარიმოს ხაზიდან 3–ქულიანი გახადა. „დინამომ“ დარჩენილ დროში მოახერხა სამიანის სროლა, თუმცა აკაკი ტიკიშვილის ტყორცნა კალათში არ ჩაეშვა. დაძაბული გამოდგა „ენერჯისა“ და „მართვე–1“–ის დაპირისპირება. ორივე გუნდს ჰაერივთ სჭირდებოდა გამარჯვება და ბოლო წუთამდეც არაფერი იყო გარკვეული, ისე თანაბარი და შეუპოვარი ბრძოლა მიმდინარეობდა.ნიკო ჩერქეზიშვილის „ენერჯი“ თავიდან კი აგებდა, მაგრამ მეორე მეოთხედშივე გაათანაბრა თამაში და ბოლო წუტებამდე გუნდები ერთმანეთს ფეხდაფეხ მისდევდნენ – ხან ერთი დაწინაურდებოდა მცირედით, ხან მეორე. საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე მართველები 61:60 იგებდნენ, თუმცა „ენერჯის“ იმედისმომცემმა ფორვარდმა დუდა სანაძემ მიჯრით 2 შედეგიანი გარღვევა განახორციელა, რასაც ნიკა მაღრაძისა და გიორგი ელანიძის ორქულიანებიც მოყვა და „ენერჯი“ საომედოდ დაწინაურდა, რის შემდეგაც გამარჯვებამდე იოლად მივიდა.ამ გამარჯვებით ჩერქეზიშვილის გუნდი კიდევ უფრო აიწია ცხრილში და პლეი ოფში გასვლის ძალიან კარგი შანსიც აქვს. „დინამოსა“ და „აკადემიის“ შემდეგ „ენერჯის“ ყველაზე ცოტა ქულა აქვს დაკარგული და თუკი დარჩენილ მატჩებშიც ასევე იყოჩაღებს, ნახევარფინალში უპრობლემოდ გავა. დღევანდელ კიდევ ორ მატჩში ბრძოლა ვერ ვიხილეთ. კახა შენგელიას „მართვე–2“–მა ბოლო ხანებში მოყოჩაღებული 1 ექსპერიმენტალური სკოლის გუნდი იოლად დაამარცხა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის შთამბეჭდავი სამმაგი დუბლის (44 ქულა, 13 მოხსნა, 10 პასი) მიმთვლელ გიორგი გლოველს – ასევე მის თანამებრძოლ ბექა ჭიჭვეიშვილს.ერთპიროვნულმა ლიდერმა „აკადემიამ“ კი 16–წლამდელთა ნაკრებს აუღელვებლად მოუგო და როგორც თავში ვთქვით, პლეი ოფში თამაში თითქმის გაინაღდა.