რუსთავი ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

რუსთავი ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

 სტატისტიკა გალერეა

18-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანი „რუსთავი“
გახდა. გუნდი, რომელმაც ნახევარფინალში „მართვე-165 სკოლასთან“ დამარცხდა, მე-3 ადგილისთვის
მატჩში „შსს-აკადემია“ დაამარცხა და ტურნირი საპრიზო ადგილზე დაასრულა.

რუსთაველებმა მატჩი 0:9 ჩამორჩენით დაიწყეს, თუმცა თამაში
მალევე გამოასწორეს და შორის სროლებით ანგარიში გაათანაბრეს. პირველი მეოთხედი
15:15 დასრულდა, რის შემდეგაც ქვემოქართლელებმა სოლიდური ლიდერობა მოიპოვეს და დიდი
შესვენებისთვის 16 ქულით დაწინაურდნენ – 40:24.

განსაკუთრების გამოსარჩევია დავით ბარამიძის  თამაში. ტანმაღალმა ფორვარდმა 10 ცდიდან 8 სამქულიანი
ჩააგდო, რითაც აკადემიელებს წარმატების ყველანაირი იმედი გადაუწურა. 13-13 ქულა დააგროვეს
ირაკლი წიქარიშვილმა და თორნიკე ალავერდაშვილმა, ხოლო ნუგზარ ტაბაღუამ შეხვედრა 11
ქულით დაასრულა. დამარცხებულთაგან 18 ქულით ბომბარდირი გიორგი გუგეშაშვილი გახდა.

რაც შეეხება ჩემპიონს, მთავარი ტიტულისთვის „აკადემია“
და „მართვე-165 სკოლა“ იბრძვიან. ფინალურ სერიაში აკადემიელები 1:0 იგებდნენ. მომდევნო
მატჩი ხვალ, 17 მაისს, თბილისის სპორტის სასახლეში, 18:00 საათზე გაიმართება.
 მატჩისშემდგომი კომენტარები: 
ოთარ ხმელიძე
(„რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი): ძნელი იყო ამ
თამაშისთვის მოთამაშეების განწყობა, თუმცა ბიჭებმა მაინც იბრძოლეს. მოგეხსენებათ, ნახევარფინალში
ურთულესი თამაშები გვქონდა და დაძაბული სერია 2:3 წავაგეთ, არადა ჩემპიონობისთვის ვიბრძოდით.
ტრავმებაც დიდად  შეგვიშალა ხელი და გულდასაწყვეტია
რომ ამ ყველარიდან გამომდინარე მესამე ადგილს დავჯერდით.

ნუგზარ ტაბაღუა
(რუსთავი): წლევანდელ ჩემპიონატს საკმაოდ დადებითად შევაფასებდი.
მართალია, დიდი მიზნები გვქონდა და ნახევარფინალურ სერიაში გადამწყვეტ მატჩში დავმარცხდით,
მაგრამ მესამე ადგილიც არ არის ცუდი. მომავალ წელს უფრო მეტს ვივარჯიშებთ, მეტად მოვინდომებთ
და ყველაფერს გავაკეთებთ უკეთესი შედეგის მიღწევისთვის.   

“რუსთავი” ბრინჯაოს მედლებით სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელმა  დირექტორმა გიორგი ზაბახიძემ დააჯილდოვა