რუსთავი ფინალშია (მატჩისშემდგომი კომენტარები)

რუსთავი ფინალშია (მატჩისშემდგომი კომენტარები)

18-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში 4 დღის წინ გასულ
„ჰიუნდაის“ დღეს „რუსთავიც“ შეუერთდა.

 ნახევარფინალური სერიის მე-3, გადამწყვეტ მატჩში ქვემოქართლელებმა საკუთარ მოედანზე შანსი არ დაუტოვეს „აკადემიას“, რომელმაც გუშინ,
თავის მხრივ, თბილისში იოლი გამარჯვებით სერია გაათანაბრა.

გადამწყვეტი მატჩისთვის უკეთ მობილიზებულები რუსთაველები
აღმოჩდნენ. საკუთარი მოედნის ფაქტორი მასპინძლებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. „რუსთავმა“
ისე დაიწყო თამაში, როგორც საკუთარ დარბაზში სჩვევია – სწრაფად, ენერგიულად და რაც
მთავარია, ზუსტად. ფარქვეშ ლევან ურიდია და შოთა ნარჩომაშვილი გამაგრდნენ, რომლებიც
თორნიკე ქიტოშვილისგან და გიორგი დვალისგან გამოზომილ პასებს იღებდნენ და შეტევების
უმეტესობას წარმატებით აგვირგვინებდნენ. ქიტოშვილი თუკი პასს ვერ გასცემდა, ან შორიდან
უტევდა, ანაც ზუსტ სწრაფ გარღვევებს ახორციელებდა. ამას ერეკლე ლორთქიფანიძის 3 სამქულიანიც
დაერთო და მასპინძლებმა პირველ ნახევარში დიდი უპირატესობა მოიპოვეს.
პირველი მეოთხედი რუსთაველებმა 17:8 მოიგეს და წარმატებული თამაში მეორე პერიოდშიც გააგრძელეს. აკადემიელები კი ამაოდ ცდილობდნენ ვითარების შეცვლას – გელა წულაძის გუნდს არც შორი
სროლები მისდიოდა და ვერც სწრაფ გარღვევებში იხეირა. შესაბამისად ანგარიშიც რუსთაველა
სასარგებლოდ იზრდებოდა და თამაშის მე-15 წუთისთვის 30:10 შეადგინა. პირველი ტაიმი
41:19 დასრულდა, მეორეში კი აკადემიელებმა უპირატესობის მოპოვება შეძლეს. ბექა დარახველიძის
შეტევაში აქტიურობამ ის შედეგი გამოიღო, რომ მასპინძლები დაიბნენ, რამდენჯერმე ბურთი
დაკარგეს და მათი ლიდერობა მესამე მეოთხედი ბოლოს 11 ქულამდე შემცირდა.

ბოლო პერიოდი აკადემიელებმა მონდომებით დაიწყეს, მაგრამ
თამაშის გადასარჩენად სტუმრებს ძალები აღარ ეყოთ. რუსთაველებმა დაცვა გაამაგრეს, რამაც
შეტევაში ხელ-ფეხი გაუხსნა და თამაშის დასრულებამდე 6 წუთით ადრე უპირატესობა 16 ქულამდე
გაზარდეს – 56:41. თამაშის ბოლომდე აღარაფერი შეცვლილა, მასპინძლები გამარჯვებამდე
იოლად მივიდნენ და ფინალის საგზურიც მოიპოვეს.

რუსთაველებს 19 ქულით, 7 პასით და 6 ქიტოშვილმა ულიდერა,
17 ქულა დააგროვა შოთა ნარჩომაშვილმა, ხოლო ლორთქიფანიძის ანგარიშზე 16 დაგროვდა. გიორგი
დვალმა შეხვედრა 10 ქულით და 6 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. აკადემიელთაგან 26 ქულით
საუკეთესო ბექა დარახველიძე გახლდათ, ნიკა ღურწკაიას ანგარიშზე კი 10 ქულა დაგროვდა.

ფინალურ სერიაში ჩემპიონობისთვის „რუთავი“ და „ჰიუნდაი“
შეებრძოლებიან. მოედნის უპირატესობას ქვემოქართლელები ფლობენ.

 

მატჩისშემდგომი კომენტარები:

 გელა წულაძე, „აკადემიას“ მთავარი მწვრთნელი:

„შედეგი ლოგიკურია. რუსთაველები უფრო მეტი მოტივაციით
და მობილიზებით შეხვდნენ ამ შეხვედრას და დამსახურებულად გაიმარჯვეს. ჩვენ არ გამოგვივიდა
ის თამაში, რითაც გუშინ რუსთაველები ჩვენს მოედანზე დავამარცხეთ“.

 

ირაკლი მებურიშვილი, „რუსთავის“ მწვრთნელი:

„მიუხედავად იმისა, რომ დიდი სხვაობით გავიმარჯვეთ,
ნერვიული თამაში იყო. მეტოქე მზად იყო, თამაში შემოეტრიალებინა, მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა
ამის საშუალება არ მისცეს. დავალება ყველამ კარგად შეასრულა და დამსახურებული გამაჯვება
მოვიპოვეთ. ფინალში საკმაოდ ძლიერ მეტოქეს ვხვდებით. ჩემი აზრით ძალები თანაბარია, თუმცა მოედნის უპირატესობას ვფლობთ და ვფიქრობ, ეს გარკვეულ უპირატესობას გვანიჭებს და ვეცდებით
მის გამოყენებას. ხვალ ნახევარფინალური სერიის გადამწყვეტ მატჩს თამაშობს რუსთავის
16-წლამდელთა გუნდი, რომელსაც წარმატებას ვუსურვებ“.