რუსთავმა ჰიუნდაის ფინალი გაუთანაბრა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

რუსთავმა ჰიუნდაის ფინალი გაუთანაბრა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

რუსთაველებმა
გუშინ დაკარგული მოედნის უპირატესობა დღეს სპორტის სასახლეში გამარჯვებით დაიბრუნეს. 

„ჰიუნდაის“ ჩემპიონობამდე 1 მოგება აკლდა, თუმცა ქვემოქართლელებმა ბოლომდე იბრძოლეს,
ფინალური სერიის მეორე მატჩი 63:52 გაიმარჯვეს და საქმე მე-3, გადამწყვეტ მატჩამდე
მიიყვანეს.

ჰიუნდაელთა მწვრთნელი
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი მატჩის შემდეგ აღშფოთებული იყო. მისმა გუნდმა პირველი მეოთხედის
16 ქულით წაგების შემდეგ დაწინაურება მოახერხა და ფსიქოლოგიურ უპირატესობასაც ფლობდა,
მაგრამ შეხვედრის მეორე ნახევარში მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირა და საბოლოოდ წააგო.

რუსთაველებმა
შეხვედრა მძლავრად დაიწყეს. ერეკლე ლორთქიფანიძის, გიორგი დვალის და შოთა ნაჩომაშვილის
ქულებით 10:0 დაწინაურდნენ. ჰიუნდაელები სროლების უმეტესობას აცილებდნენ, განსაკუთრებით
– საჯარიმოს ხაზიდან გაუმრუდდათ მიზანი – პირველ მეოთხედში 12 ცდიდან მხოლოდ 2 ჩააგდეს.
შედეგად, რუსთაველებმა პერიოდი 25:9 მოიგეს და პირველ შესვენებაზე დამშვიდებით გავიდნენ.

მეორე ათწუთეულში
ვითარება რადიკალურად შეიცვალა. „ჰიუნდაიმ“ დაცვა გაამაგრა და მეტოქეს ბურთის ჩაგდების
საშუალებას არ აძლევდა. შედეგად, რუსთაველებმა მეორე მეოთხედში მხოლოდ 6 ქულა ჩააგდეს,
ჰიუნდაელებმა კი სამქულიანებით და სწრაფი შეტევებით 21 მოინაგრეს და დიდი შესვენებისთვის
რუსთაველთა ლიდერობიდან მხოლოდ 1 ქულაღა დარჩა – 31:30. განახლდა თამაში და „ჰიუნდაიმ“
ლიდერობა მოიპოვა – 32:31, რასაც რუსთაველთათვის ცივი შხაპის ეფექტი ჰქონდა. ირაკლი
მებურიშვილისა და დავით მაჭავარიანის გაწვრთნილი ქვემოქართლელები გამოფხიზლდნენ და
მესამე პერიოდი 19:8 მოიგეს. თავი თორნიკე ქიტოშვილმა და გიორგი დვალმა გამოიჩინეს,
რომლებმაც სწრაფი გარღვევებითა და შორი სროლებით ლაშქრავდნენ თბილისელთა ფარს.

ბოლო მეოთხედი
რუსთაველთა 12-ქულიანი ლიდერობით განახლდა. ქვემოქართლურმა გუნდმა წარმატებით განაგრძო
თამაში – დვალმა საჭირო მომენტში 2 სამქულიანი ჩააგდო, შოთა ნარჩომაშვილმა და თორნიკე
ხატიაშვილმაც იყოჩაღეს და „რუსთავი“ გამარჯვებამდე ზედმეტი გართულების გარეშე მივიდა.

გამარჯვებულთაგან
20 ქულით საუკეთესო თორნიკე ქიტოშვილი გახლდათ, ნარჩომაშვილმა კი 13 ქულა და 20 მოხსნა
მოაგროვა. 16 ქულა ჰქონდა გიორგი დვალს, ხოლო ლევან ურიდიამ ფარზე კარგად იმუშავა და
15 მოხსნა მიითვალა. ჰიუნდაელთა შორის 14 ქულა და 9 მოხსნა ჰქონდა ალექსანდრე ბოლქვაძეს,
ხოლო ლუკა ზაქრაძის ანგარიშზე 12 დაგროვდა.

ფინალური სერიის
მე-3, გადამწყვეტი შეხვედრა 27 მაისს, 16 საათზე, რუსთავში გაიმართება.
ჰიუნდაი – რუსთავი  52:63

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი(ჰიუნდაი):  ყველა ასპექტში
ძალიან კარგად ითამაშა მოწინააღმდეგემ, ყველა კომნონენტში გვაჯობეს და ღირსეული გამარჯვება
მოიპოვეს.

ირაკლი მებურიშვილი(რუსთავი): გუშინ საკმაოდ
დაძაბულ თამაშში წავაგეთ, დასკვნები გამოვიტანეთ და დღეს მეტოქეს უფრო სწრაფი თამაში
შევთავაზეთ, რამაც შედეგი გამოიღო. პირველ ტაიმში 17 ქულით გავედით წინ, თუმცა ,,ჰიუნდაიმ’’
სხვაობა შეამცირა და შემდეგ წინაც გავიდა. მაგრამ შემდეგ უკეთ ვიასპარეზეთ და თამაშის
ბედიც გადაწყდა.

ნიკოლოზ ლომიძე(ჰიუნდაი): პირველ ტაიმში
17-ქულიანი სხვაობის აღმოფხვრა მოვახერხეთ, თუმცა მეორე ნახევარში დაცვაში დაშვებული
შეცდომების გამო წავაგეთ. იმედია, შემდეგ თამაშში იგივე ხარვეზები აღარ გვექნება. 
თორნიკე ხატიაშვილი(რუსთავი): გუშინ სამწუხაროდ წავაგეთ, თუმცა გავაანალიზეთ შეცდომები და ამან განაპირობა დღევანდელი შედეგი. იმავეს ვაპირებთ მე-3 თამაშშიც.