გალერეა
კომპანია „სახალხო აფთიაქი“ საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა. „სახალხო აფთიაქი“ საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან უკვე თანამშრომლობს – კომპანია საკალათბურთო სუპერლიგის გენერალური პარტნიორი გასულ წელს გახდა და ამ სტატუსით მიმდინარე სეზონის განმავლობაშიც ისარგებლებს.
„სახალხო აფთიაქისა“ და კალათბურთის ფედერაციის თანამშრომლობა სანაკრებო თემასაც შეეხო. დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რის საფუძველზეც „სახალხო აფთიაქი“ საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა.
ხელშეკრულებას ხელი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ და კომპანია „სახალხო აფთიაქის” გენერალურმა დირექტორმა არჩილ მორჩილაძემ მოაწერეს. ,,სახალხო აფთიაქის’’ გენერალურ დირექტორს საჩუქრად 14-წლამდელთა ნაკრების სიმბოლური მაისური გადაეცა.
მიხეილ გაბრიჩიძე(საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი): როგორც მოგეხსენებათ, ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ბავშვთა კალათბურთის განვითარება. ბავშვთა ჩართვა საერთაშორისო ტურნირებსა და შეჯიბრებებში, სადაც ისინი გამოცდილებას მიიღებენ და პროფესიული თვალსაზრისით ძალიან გაიზრდებიან. ამ მიზნით შარშან შეიქმნა 14-წლამდელთა ნაკრები. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კომპანია ,,სახალხო აფთიაქს’’, რომელმაც გამოთქვა მზაობა ნაკრების გენერალური სპონსორი გამხდარიყო და გვერდში დაუდგა ახალგაზრდებს. იმედი მაქვს, ეს თანამშრომლობა ისეთივე შედეგიანი და ეფექტური იქნება, როგორც სუპერლიგის შემთხვევაში და ეს თანამშრომლობა 14-წლამდელთა ნაკრების წარმატებას ხელს შეუწყობს.
არჩილ მორჩილაძე(,,სახალხო აფთიაქის’’ გენერალური დირექტორი’’): საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან თანამშრომლობა გასულ სეზონში დავიწყეთ, როცა ეროვნული ჩემპიონატის გენერალური პარტნიორები გავხდით. ახლა კი, როცა 14-წლამდელთა ნაკრების სპონსორებიც ვართ, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ,,ვიტაბიოტიქსის’’ პროდუქცია ძალიან სასარგებლოა ნებისმიერი ასაკის სპორტსმენისთვის და დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდა კალათბურთელებაც დაეხმარება წარმატებულ ასპარეზობაში.