19 ნოემბერს დაიწყო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 18-წლამდელთა შორის, რომელშიც 11 გუნდი მონაწილეობს. ქვეყნის პირველობისთვის გუნდები თბილისის ჩემპიონატიდან შეირჩა. დედაქალაქის საუკეთესო 8 გუნდს რეგიონების წარმომადგენლები დაემატნენ და 11 გუნდი ერთ ჯგუფში გაერთიანდა.
რეგულარული ჩემპიონატი 2 წრედ – გასვლა-სახლის პრინციპით ჩატარდება. თითოეული გუნდი რეგულარულში 20 მატჩს გამართავს და 8 საუკეთესო პლეი ოფში გავა.
მეოთხედფინალური და ნახევარფინალური სერიები 2 მოგებამდე იქნება, ფინალის მოსაგებად კი გუნდებს 3 გამარჯვების მოპოვება დასჭირდებათ. მე-3 ადგილის მფლობელი, ტრადიციულად, ერთი შეხვედრით გამოვლინდება.
19 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში პირველი ტურის 3 მატჩი გაიმართა. ყველაზე დაძაბული გამოდგა მართვესა და ქუთაისის პირველი გუნდის დაპირისპირება. სამმაგ დუბლს მიუახლოვდა მართველი გიორგი სიმონიშვილი, რომლის ლიდერობითაც მართველებმა შეხვედრა 77:70 მოიგეს. სიმონიშვილის ანგარიშზე 22 ქულა, 9 მოხსნა, 7 პასი და 6 ჩაჭრა დაგროვდა.
ქუთაისის მეორე გუნდიც დამარცხდა. იმერლებმა ზაზას აკადემიასთან 61:79 წააგეს. 30 ქულით გამარჯვებულებს გუჯა ხვედელიძემ ულიდერა.
მესამე მატჩში რუსთავმა 80:59 სძლია აკადემია 2-ს. 18-წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატის მორიგი მატჩები 22 და 24 ნოემბერს – შესაბამისად ქუთაისსა და რუსთავში გაიმართება.