საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა კოსოვო 27 ქულით დაამარცხა

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა კოსოვო 27 ქულით დაამარცხა

რუმინეთის ქალაქ პლოეშტში სტარტი აიღო ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის “ბ” დივიზიონმა, სადაც 22 ქვეყნის ნაკრებს შორის საქართვეკლოც გახლავთ. დავით როგავასა და კახა ტომარაძის თავკაცობით ქართველმა 18-წლამდელებმა ტურნირი გამარჯვებით დაიწყეს. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე კოსოვო გახლდათ, რომელსაც ჩვენმა გუნდმა 27 ქულით – 87:60 (სტატისტიკა) სძლია. 

საქართველოს ნაკრებს თამაშის დასალაგებლად პირველი პერიოდი დასჭირდა. ათწუთეულის 18:20 წაგების შემდეგ, მეორე პერიოდიდან ქართველები საზრიანად ათამაშდნენ, დაცვა გაამაგრეს და კონტრშეტევებითა და თუ შორიახლო სროლებით ლიდერობას იმტკიცებდნენ. მეორე ათწუთეული საქართველომ 22:11 მოიგო და დიდ შესვენებაზე 9-ქულიანი ლიდერობით გავიდა. მეორე ნახევრიდან ქართველებმა გააგრძელეს წარმატებული თამაში და შეხვედრის ბედი მალე სათავისოდ გადაწყვიტეს.

საბოლოოდ დავით როგავას გაწვრთნილმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რაშიც მოზრდილი წილი 21 ქულითა და 9 მოხსნით გიორგი სულაბერიძემ დაიდო. 14 ქულა და 9 პასი გიორგი ოჩხიკიძემ, ხოლო 14 ქულა და 7 მოხსნა სანდრო კასაბურმა მიითვალეს. 

საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს ხვალ, 30 ივლისს, ნორვეგიასთან გამართავს.