საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრთა განცხადება

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრთა განცხადება

საქართველოსა და პორტუგალიის მატჩის შემდეგ ქართველები გახარებული იყვნენ. ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა მაყურებელს მადლობა გადაუხადა და საპრესკონფერენციო დარბაზისკენ გაემართა, რათა ქართულ კალათბურთთან დაკავშირებით განცხადება გაეკეთებინა:
ზაზა ფაჩულია (საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი): პირველ რიგში, გილოცავთ ყველას, ზედიზედ მესამედ გავედით ევროპის ჩემპიონატზე. მიუხედავად ბევრი სირთულისა, პრობლემებისა და ტრავმებისა, მაინც მივაღწიეთ მიზანს. იმედი გვაქვს მომავალის წლის ევროპის ჩემპიონატზე სრული შემადგენლობით ვიასპარეზებთ. ამასთან ერთად, არის ერთი პრობლემა და გვინდა, სინანული გამოვთქვა იმ სიტუაციაზე, რაც ქართულ კალათბურთშია შექმნილი.  ძალიან ვწუხვართ და  გვსურს თხოვნით მივმართოთ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, სპორტის მინისტრს და მთელ მთავრობას.

ჯერჯერობით საქართველოში ოფიციალურად მხოლოდ ორი გუნდია, არადა უკვე აგვისტოს ბოლოა. ეს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება, ქართული კალათბურთი და ჩვენი ბიჭები ამას არ იმსახურებენ. დღევანდელი კალათბურთი უკეთეს სიტუაციას იმსახურებს. ყველაფერს ვაკეთებთ და ვიბრძვით, რომ ჩვენი ქვეყანა ვასახელოთ, ვიბრძვით უკეთესი შედეგებისთვის და სურვილი გვაქვს მიეხედოს კალათბურთს, გვქონდეს კარგი ჩემპიონატი, გვყავდეს დაკომპლექტებული გუნდები და ჩვენი ნაკრების თუ  სხვა დანარჩენ ბიჭებს ჰქონდეთ გაზრდის შესაძლებლობა, მომავალში ისინი გააგრძელებენ ჩვენს გზას.  ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს გამოადგება. ყველამ ვნახეთ რამხელა სიყვარული მოდის ხალხისგან. კალათბურთი ჩვენი სპორტია და კიდევ ერთხელ მივმართავთ თხოვნით მთავრობას, რომ ყურადღება მიაქციოს სპორტის ამ სახეობას. ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ერთი ოჯახი ვართ და ერთი ადამიანის პრობლემა ყველას პრობლემაა.
ვიქტორ სანიკიძე: უკვე მესამედ გავედით ევროპის ჩემპიონატზე და ყოველ გასვლაზე ის გვესმის, რომ ყველაფერი იქნება. ეს არ არის გადამეტებული მოთხოვნა და თხოვნა.  ელემენტარულია, რომ ხალხს კალათბურთი უყვარს, ძალიან ბევრი თამაშობს, უფრო და უფრო იზრდება მოთხოვნა და მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, გაიზარდნონ და ჩვენი თაობა შეცვალონ. უნდა გააგრძელონ ეს წარმატება, რაც დღემდე მოვიტანეთ. იმედს ვიტოვებთ, მთავრობა მიაქცევს ამ ყველაფერს ყურადღებას. არ შეიძლება ქვეყანას ასეთი ძლიერი ნაკრები ჰყავდეს და ეროვნული ჩემპიონატი არ ჰქონდეს. ჩემპიონატიდან გამომდინარე  არცერთ ქვეყანას არ ჰყავს ასეთი დონის ნაკრები. როცა შიდა კალათბურთს მიექცევა ყურადღება, ნაკრებიც უფრო გაძლიერდება და დონეც ამაღლდება. სულ გვესმოდა,  რომ ახლა მიეხედება ყველაფერსო,  მაგრამ რომ ვერ გავსულიყავით, არ უნდა გვქონოდა ეროვნული ჩემპიონატი?!
გიორგი ცინცაძე: ვხედავთ, როგორ უყვართ ჩვენს ქვეყანაში კალათბურთი და როგორი ბედნიერია ხალხი თამაშის შემდეგ.  ჯობია, თავის  დროზე მიეხედოს პრობლემებს. ქართულ კალათბურთს შველა სჭირდება. მივმართავთ ყველას, არა მარტო მთავრობას, არამედ მათ, ვისაც უყვარს ეს სპორტი. მივაქციოთ ყურადღება და გადავარჩინოთ ქართული კალათბურთი. კალათბურთი არ არის მხოლოდ ნაკრები, ესაა ეროვნული ჩემპიონატი და ბავშვთა ლიგები.  როცა ჩვენი თაობა აღარ ითამაშებს კალათბურთს, ხალხმა ისევ უნდა გაიხაროს ქართველი კალათბურთელების წარმატებით.
კოტე ტუღუში (საქართველოს ეროვნული ნაკრების  მთავარი მწვრთნელის ასისტენტი): ბოლო წლებია „არმიის“ მწვრთნელი ვარ და არ მახსოვს როგორც მოთამაშეს და როგორც მწვრთნელს, რომ აგვისტოს ბოლოს მხოლოდ ორი  გუნდი ყოფილიყო. ეს ნამდვილად საგანგაშოა და თხოვნით მივართავთ ყველას. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში აქვს გუნდს სახელმწიფოს მხარდაჭერა. პირადად პრემიერს მივმართავ, მოგვაქციონ ყურადღება, დაგვეხმარონ და ის სიხარული, რაც ბიჭებმა მთელს საქართველოს მოუტანეს, წლების განმავლობაში გაგრძელდეს და მომავალი ჰქონდეს ქართულ კალათბურთს,  როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე ევროპულ სარბიელზე.
თორნიკე შენგელია: ჩვენ არ გვინდა კამათი ან დებატები, უბრალოდ გამოვთქვამთ ჩვენს გულისტკივილს. ეროვნული ჩემპიონატი  ძლიერი უნდა იყოს და მისი მოთამაშეები დიდად არ უნდა განსხვავდებოდნენ გუნდის სხვა წევრებისგან.  ეს ბიჭები ნაკრებში სათამაშოდ მზად  უნდა იყვნენ. 12-ვე ლეგიონერი არ გვყავს ნაკრებში და როცა ადგილობრივი ჩემპიონატიდან მოდის მოთამაშე, უნდა იყოს სათანადო დონეზე, რათა არ დაგვჭირდეს ზედმეტი დრო მოსამზადებლად.