გალერეა საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე საკვალიფიკაციოში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. იგორ კოკოშკოვის გუნდმა უდიდესი მნიშვნელობის მატჩში უნგრეთს უმასპინძლა და 20 ქულის სხვაობით – 79:59 დაამარცხა.
ქართველებს დიდი სხვაობით გამარჯვება ძალიან სჭირდებოდათ, რადგან სატურნირო ვითარება გამოესწორებინათ და მეორე ადგილი გაენაღდებინათ. ჩვენს ნაკრებს მინიმუმ 10 ქულით გამარჯვება სჭირდებოდა, რომ ეს მისია შეესრულებინა და 2 ამდენით მოიგო. საქართველომ ჯგუფში მეორე ადგილი გაინაღდა, თან ისე, რომ ბურთების შეფარდება +11 აქვს. ეს კი მყარი გარანტიაა იმისა, რომ ქართველები ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებენ.
კოკოშკოვის გუნდს შანსი აქვს, ჯგუფში პირველი ადგილიც დაიკავოს და ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი უნგრეთი 27 აგვისტოს, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ჩეხეთს დაამარცხებს. ბუნებრივია, ქართველებს ამავე დღეს თბილისში პორტუგალიის დამარცხება მართებთ.
რაც ზემოთ მოვყევით, ვარაუდებია, რელობა კი ისაა, რომ ქართველებმა დღეს შესანიშნავად ითამაშეს, გულშემატკივარს გული გაუხარეს და ევრობასკეტს ძალიან მიუახლოვდნენ. მატჩის წინ, სანამ საქართველოს ნაკრები მოედანზე გამოვიდოდა, გასახდელთან მოთამაშეებმა ტრადიციული თათბირი გამართეს, სადაც გუნდის კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ თანაგუნდელებს მიმართა. კაპიტნის სიტყვა ისეთი იყო, არ შეიძლებოდა, მოთამაშეები საბრძოლოდ არ მოემართა.
თამაშის პირველივე წუთიდან ფაჩულია ბრძოლის მაგალითი იყო ყველასთვის. მან დიდებულდ ჩაატარა მთელი მატჩი, თუმცა ძნელია ვინმეს გამორჩევა, იმდენად კარგად და შედეგიანად ითამაშეს ქართველებმა. თავად ზაზა ფაჩულიამ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გამარჯვებაში სათადარიგოთა როლი გამოჰყო. თითოეულმა კალათბურთელმა, რომელიც შეცვლაზე შემოვიდა, მაქსიმუმი გაიღო და გამარჯვებაში ისეთივე წვლილი შეიტანა, როგორც დანარჩენებმა – ეს იყო საქართველოს ნაკრების კაპიტნის პათოსი.
მართლაც – სათადარიგოებმა უდიდესი დახმარება გაუწიეს გუნდს. ერთი, რომ ღირსეულად შეცვალეს სასტარტოები და მათ დასვენების საშუალება მისცეს, მეორეც – სათადარიგო დუდა სანაძემ ბოლო მეოთხედში საკვანძო 2 სამქულიანი ჩააგდო და ანგარიშის შესამცირებლად მომართულ უნგრელებს იმედები გადაუწურა. მთლიანობაში კი სანაძემ 5 ცდიდან 4 სამქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 12 ქულით დაასრულა.
ბომბარდირი კი თორნიკე შენგელია გახდა 26 ქულით, თუმცა მან ბოლოსწინა წუთზე ტრავმა მიიღო და ჯგუფის ბოლო შეხვედრას პორტუგალიასთან სავარაუდოდ გამოტოვებს. ზაზა ფაჩულია უნგრელთა სამწამიან ზონაში თავს თავისუფლად გრძნობდა. მასის, კლასის და გამოცდილების ხარჯზე ის ოპონენტ აკოშ კელერს იოლად ჯაბნიდა, რითაც ვიქტორ სანიკიძეს მეტი სივრცე ეძლეოდა და აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელმა საკვალიფიკაციო ტურნირში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. სანიკიძემ შეხვედრა 11 ქულითა და 9 მოხსნით დაასრულა, ხოლო ფაჩულიამ პირად ანგარიშზე 17 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი და 3 ჩაჭრა ჩაიწერა. გამოსრჩევია გიორგი ცინცაძის გარჯა, რომელიც გუნდის შეტევებს გონივრულად ხელმძღვანელობდა და 10 პასი მიითვალა.
ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში ჩეხეთმა პორტუგალია სტუმრად 75:61 დაამარცხა და ახლა ყველაფერს ამ ჯგუფში ბოლო ტური გადაწყვეტს. ერთი რამ ცნობილია – საქართველო მინიმუმ მეორე ადგილზეა, ხოლო ჩეხეთს და უნგრეთს, რომლებიც ბოლო ტურში ერთმანეთში თამაშობენ, ორეულს მიღმა დარჩენა ემუქრებათ – გააჩნია რა შედეგით დასრულდება მატჩი.
1.
ჩეხეთი
5
4/1
378/317
9
2.
უნგრეთი
5
3/2
319/308
8
3.
საქართველო
5
3/2
383/371
8
4.
პორტუგალია
5
0/5
294/378
5
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
კოტე ტუღუში (საქართველოს ეროვნული
ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი): ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასი
თამაში იყო. ჩვენი მაქსიმუმი იყო 20 ქულა და სასიხარულოა რომ ეს
გამოგვივიდა. ძალიან ბევრი შრომა და ენერგია დაიხარჯა ამ
მიზნის მისაღწევად. ვერ დავაბრალებ ამ მოგებას იღბალს. წლევანდელ შესარჩევ
ეტაპზე იღბალი ნამდვილად არ გვწყალობს, მაგრამ იმედია
ევროპის ჩემპიონატზე იქნება ფორტუნა ჩვენს მხარეს.
ზაზა ფაჩულია (საქართველოს ეროვნული
ნაკრების კაპიტანი): ამ
თამაშზე იყო დამოკიდებული ჩვენი მომავალი და მთელი ენერგია ჩავდეთ ამ შეხვედრაში.
ბრწყინვალედ ითამაშა ყველამ, ვინც სათადარიგო სკამიდან
შემოვიდა: სანაძე, ბურჯანაძე, ფხაკაძე… მათ უდიდესი ენერგია შემოიტანეს მოედანზე
და ასე ლამაზად ამის ხარჯზე მოვიგეთ. ვფიქრობ, ეს იყო საუკეთესო
ნაკრების საუკეთესო თამაში და მსურს ყველას მივულოცო – მოთამაშეებს, ფედერაციას,
მწვრთნელებს, გულშემატკივარს… დიდი მადლობა მათ ასეთი
თანადგომისთვის. ჩვენ დიდი ენერგია ჩავდეთ ამ მატჩში და ყველაფერი
გავაკეთეთ.
სტოინ ივკოვიჩი (უნგრეთის მთავარი
მწვრთნელი): პირველ რიგში
ვულოცავ საქართველოს დღევანდელ გამარჯვებას. აქ ყველაფერი მაღალ
დონეზეა, მათ შორის რა თქმა უნდა კალათბურთი. აქ მოსაგებად
ჩამოვედით მაგრამ ვიცოდით რომ საქართველოს ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია და რთული
თამაში გვექნებოდა. მოთამაშეების კლასით საქართველოს ნაკრები გვჯობია.
ვცდილობდით მეტოქე წნეხის ქვეშ მოგვექცია, მაგრამ სათადარიგო მოთამაშეებმა
ჩვენთვის გამაოცებლად იასპერეზეს. საქარათველოს ნაკრებმა ფარქვეშ შესანიშნავად
ითამაშა და მსურს კიდევ ერთხელ მოგილოცოთ.
ანდრას რუჟაკი (უნგრეთის მოთამაშე): თავიდანვე დიდი სხვაობით
ჩამოვრჩით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მაყურებლების ფაქტორი და ვერ შევძელით
სხვაობის აღმოფხვრა.