საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის განცხადება

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის განცხადება

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიას და ოლიმპიურ კომიტეტს ეროვნული ნაკრების მოსამზადებელი ეტაპის ორგანიზაციაში გაწეული დახმარებისთვის. ფედერაცია მადლობელია ყველა იმ სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციის, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ეროვნული ნაკრების მომზადებაში. დიდი მადლობა ჩვენს მეგობარ სპორტულ ფედერაციებს, რომელთაგანაც აქტიურ მხარდაჭერად ვგრძნობდით. ასევე კალათბურთის ფედერაცია უდიდეს პატივისცემას გამოხატავს უნგრეთში, პორტუგალიასა და ჩეხეთში საქართველოს დიპლომატიური მისიების წევრებისა და ელჩების, ასევე ამ ქვეყნებში ქართული სათვისტომოების მიმართ. განსაკუთრებული მადლობა ჩვენი ნაკრების გულშემატკივრებს, მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს, რომლებიც საკვალიფიკაციო ეტაპის პერიოდში გუნდის წარმატებასა თუ წარუმატებლობას იზიარებდნენ.
თქვენი მხარდაჭერისა და გვერდში დგომის გარეშე ძნელი იქნებოდა იმ შედეგის მიღწევა, რასაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, მთლიანად ქართულმა კალათბურთმა მიაღწია. იმედს ვიტოვებთ, კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობითა და ქართული კალათბურთის სიყვარულით ჩვენი ეროვნული გუნდი მომავალ ევროპის ჩემპიონატზეც ღირსეულად გამოვა და აქამდე ნაჩვენებ შედეგებს გააუმჯობესებს.