საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩი პორტუგალიასთან 50:67 (სტატისტიკა) დათმო და პლეი ოფში ვერ გავიდა. ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარეობს, სადაც დღეს ის 8 გუნდი გამოვლინდა, რომლებიც საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ. ხოლო ის გუნდები, რომლებიც პლეი ოფში ვერ გავიდნენ, ბრძოლას 9-16 და 17-22 ადგილებისთვის გააგრძელებენ.
საქართველო ჯგუფიდან ბურთების შეფარდების გამო ვერ გავიდა. ჩვენი (D) ჯგუფის ლიდერი ავსტრიის შემდეგ სამმა გუნდმა – პორტუგალიამ, ნორვეგიამ და საქართველომ 2-2 მოგება-წაგება დააგროვეს და მათ შორის ბურთების შეფარდების გათვალისწინებით ცხრილში ადგილებიც აქ წარმოდგენილი თანმიმდევრობით დაიკავეს. პორტუგალია მე-2-ზე გავიდა, ნორვეგია მე-3-ზე, ხოლო საქართველო – მე-4-ზე.
მე-4-ზე გასვლის მიზეზი დღეს განცდილი დიდსხვაობიანი დამარცხება გახლდათ. არადა, საქართველოს 3 ქულით მარცხიც აძლევდა ხელს, რომ პორტუგალიისთვისაც ეჯობნა და ნორვეგიისთვისაც, მაგრამ არ გამოვიდა. ჩვენი გუნდი 17 ქულით, ფაქტობრივად უშანსოდ დამარცხდა და გამსვლელი მე-2 ადგილიც პორტუგალიამ დაიკავა, რომელმაც პირველ ტურში შეხვედრა ნორვეგიასთან (71:75) დათმო. ჩვენებმა გუშინ ნორვეგიას 4 ქულით სძლიეს, მაგრამ დღეს ხელი მოეცარათ და ახლა ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებენ.
საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქე ირლანდია იქნება, რომელსაც ქართველები 2 აგვისტოს, 23:00 საათზე დაუპირისპირდებიან. თუ ეს მატჩი მოიგო, საქართველოს ნაკრები მე-9 ადგილისვის ითამაშებს.