საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ავსტრიასთან 76:88 წააგო

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ავსტრიასთან 76:88 წააგო

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიიონში ჯერჯერობით მოუგებლად ასპარეზობს. ბუბა ბერიშვილისა და თემურ კანკიას გაწვრთნილმა გუნდმა მაკედონიაში მიმდინარე ტურნირის საწყისი 2 მატჩი ესტონეთთან და უნგრეთთან წააგო, დღეს კი ავსტრიას შეხვდა და გამოჩენილი ბრძოლისუნარიანობის მიუხედავად, შეხვედრა ამჯერადაც დათმო.

ზემოთნახსენებ ნებისმიერ მეტოქესთან ქართველები თავიდან არაფერს თმობდნენ. ჩვენმა გუნდმა არც ავსტრიასთან წააგო პირველი ტაიმი – დიდი შესვენებისთვის ანგარიში 34:34 გახლდათ, თუმცა ასევე ტრადიციულად, ქართველებმა მესამე პერიოდი სუსტად ითამაშეს და ათწუთეულის 17:28 წაგებით გადამწყვეტი მეოთხედის წინ 11 ქულით ჩამორჩნენ.

ბოლო პერიოდში ქართველების ყოველი ცდა, ჩამორჩენა შეემცირებინათ, ამაო გამოდგა. საქართველოს ნაკრები მეტოქესთან 9 ქულაზე ახლოს (70:79) ვერ მივიდა და საბოლოოდ შეხვედრა 12 ქულით – 76:88 დათმო. ჩვენს გუნდში საუკეთესო შედეგი დავით კაკუშაძემ დააფიქსირა, რომელმაც 14 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. 14 ქულა ჰქონდა რატი ანდრონიკაშვილსაც, თუმცა ჭარბი დაკარგვების გამო მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა საკმაოდ დაბალი – 3 ერთეული შეადგინა. ამ მაჩვენებლით კაკუშაძის (16) შემდეგ მეორე შედეგი აჩვენა ოთარ პერტაიამ (12), რომელმაც 20 წუთში 10 ქულა, 4 მოხნა და 3 პასი მიითვალა. 

3-დან 3 წაგებით საქართველოს ნაკრები ანალოგიური შედეგის მქონე აზერბაიჯანთან ჯგუფში V-VI ადგილებს იყოფს. ჩვენს ნაკრებს პლეი ოფში გასვლის შანსი დაკარგული აქვს და დარჩენილ 2 მატჩში ჯგუფში მე-4 ადგილის დაკავებისთვის უნდა იბრძოლოს, რათა არა 17-24, არამედ 9-16 ადგილებისთვის გააგრძელოს ასპარეზობა.

30 ივლისი ევროპის ჩემპიონატზე დასვენების დღეა. საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს 31 აგვისტოს, ბელგიის ნაკრებთან ჩაატარებს. მატჩი თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება. 

საქართველო – ავსტრია
სტატისტიკა: 76:88