საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი. თემურ კანკიას გაწვრთნილმა გუნდმა სადებიუტო მატჩში სლოვაკეთის ნაკრები გაანადგურა – 80:45. მართალია, პირველი ნახევარის უმეტეს დროს თანაბარი თამაში მიმდინარეობდა და რამდენჯერმე სლოვაკებიც დაწინაურდნენ, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ მატჩს ერთი დომინანტი ჰყავდა – საქართველოს ნაკრები, რომელმაც ჩინებულად ჩატარებული მესამე პერიოდის შემდეგ მეტოქე წასაგებად გაწირა.
მატჩის მე-15 წუთისთვის სლოვაკები 3 ქულით წინ იყვნენ, რაც ჩვენი კალათბურთელების უზუსტო სროლების გამო მოხდა. ქართველები ძალიან ბევრ სამქულიანს აცილებდნენ და ვერც ფარქვეშიდან ითვლიდნენ ეგრედწოდებულ ჩასაგდებ ბურთებს. ვითარება მეორე პერიოდის დასკვნით წუთებზე შეიცვალა, როცა ჩვენებმა სამიზნე გაისწორეს და დიდ შესვენებაზე 6-ქლიანი ლიდერობით გავიდნენ – 32:26.
მესამე პერიოდში ყველაფერს წერტილი დაესვა. საქართველომ 27:5 (!) მოიგო ათწუთეული და ბოლო მეოთხედის წინ 28-ქულიანი ლიდერობა მოიპოვა – 59:31. მატჩის ბედი გადაწყვეტილი გახლდათ და ბოლო პერიოდში საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა, რომელიც სლოვაკებისთვის გამანადგურებელი გახლდათ – 45:80.
საქართველოს ნაკრებში 16 ქულით, 7 პასით და 6 ჩაჭრით საუკეთესო იყო რატი ანდრონიკაშვილი. 6-დან 6 ორქულიანი, მთლიანობაში კი 15 ქულა მიითვალა ალექსანდრე მერკვილაძემ. 13 ქულა დააგროვა ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა, ხოლო 7 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი ბიძინა ფეიქრიშვილის ანგარიშზე დაგროვდა.
ჩვენს ჯგუფში ჩრდილოეთ მაკედონიამ ირლანდიას მოუგო, ხოლო უკრაინამ დანიას შანსი არ დაუტოვა. 27 ივლისს საქართველო დანიას დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.
სლოვაკეთი – საქარველო
სტატისტიკა: 45:80