საქართველოს U18 ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის გენერალური შეკრება ლატვიიდან დაიწყო

საქართველოს U18 ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის გენერალური შეკრება ლატვიიდან დაიწყო

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის გენერალური მზადება დაიწყო. ირაკლი ძიძიგურის ხელმძღვანელობით, რომლის ასისტენტებიც ნიკა მეტრეველი და ანდრო ანთელიძე არიან, 50-ზე მეტი კანდიდატი გამოიცადა, საიდანაც 16 შეირჩა და სწორედ ამ შემადგენლობით გაემგზავრა ნაკრები უცხოურ შეკრებაზე.

საქართველოს ნაკრები ევროპის 18-წლამდელთა B დივიზიონისთვის ემზადება, რომელიც 21-დან 30 ივლისის ჩათვლით პორტუგალიის ქალაქ მატოსინოში ჩატარდება. დივიზიონში 22 ქვეყნის ნაკრებია თავმოყრილი, რომლებიც 4 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. შექმნილია 2 ხუთ და 2-იც ექვსგუნდიანი ჯგუფი. საქართველო B ჯგუფშია, სადაც მეტოქეებად სლოვაკეთი (21 ივლისს ვეთამაშებით), უნგრეთი (22 ივლისი), ალბანეთი (23 ივლისი), მონტენეგრო (25 ივლისი) და ბოსნია (26 ივლისი) ჰყავს.

22 ნაკრები დივიზიონის 3 მოწინავე ადგილის დასაკავებლად იბრძვის, რადგან სწორედ ფინალისტებს და მე-3 ადგილის მფლობელს ერგებათ მომავალი წლის A დივიზიონის საგზურები. გათამაშების ფორმატის თანახმად, საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას ჯგუფის 2-2 საუკეთესო გუნდი განაგრძობს, რომლებიც მეოთხედფინალში გაწყვილდებიან (A – B ჯგუფთან, ხოლო C ჯგუფი D-სთან). შესაბამისად, თუკი საქართველო პლეი ოფში გავა, მეოთხედფინალში და ნახევარფინალში მეტოქედ A ჯგუფის (ავსტრია, ისლანდია, დიდი ბრიტანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია). წარმომადგენლები ეყოლება.

პირველი ქვეყანა, სადაც საქართველოს ნაკრები შეკრებაზე გაემგზავრა, ლატვიაა. ძიძიგურის გუნდი ლატვიაში 26 ივლისიდან 8 ივლისის ჩათვლით დარჩება და ვარჯიშებთან ერთად 4 საკონტროლო მატჩს გამართავს: 29 და 30 ივნისს ლატვიასთან და 4 და 6 ივლისს უკრაინასთან).

ლატვიიდან საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ფინეთში გადავა, სადაც 9-10 ივლისს ამ ქვეყნის ნაკრებს ორჯერ დაუპირისპირდება და 11 ივლისს ესტონეთში გადაინაცვლებს. ქართველებს ესტონეთთანაც 1 შეხვედრა აქვთ დაგეგმილი – 14 ივლისს. ძიძიგურის გაწვრთნილი გუნდი საქართველოში 16 ივლისს დაბრუნდება და 20-ში გეზს პორტუგალიისკენ, ფიბა-ს ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საასპარეზოდ აიღებს.