საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში გავიდა. რუმინეთში მიმდინარე B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ქართველები ერთ-ერთ კონკურენტ ირლანდიას შეხვდნენ და 77:63 დაამარცხეს. თემურ კანკიას გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე გამართული 5 მატჩიდან 4 მოიგო და ჩრდილოეთ მაკედონიის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.
საქართველოს ნაკრებს მხოლოდ პირველ ნახევარში გაუჭირდა. დიდი შესვენების შემდეგ ქართველები 3 ქულას იგებდნენ და მესამე პერიოდის ახალდაწყებულზე ჩამორჩნენ კიდეც, თუმცა შემდეგ თამაში გამოასწორეს და ლიდერობა რომ მოიპოვეს, პრობლემა აღარ შექმნიათ. მესამე ათწუთეული ქართველებმა 14:11 მოიგეს და ბოლო პერიოდს 6-ქულიანი უპირატესობით შეხვდნენ.
დასკვნით მეოთხედში საქართველომ კიდევ უფრო გააძლიერა მეტოქეზე ზეწოლა და მატჩის ბოლომდე ლიდერობა 14 ქულამდე გაზარდა. გამარჯვებულებს ლაშა მიქელაძემ და რატი ანდრონიკაშვილმა ულიდერეს. ორივემ ორმაგი დუბლი მიითვალა: ანდრონიკაშვილმა 13 ქულა და 11 მოხსნა, მიქელაძემ კი 10 ქულა და 15 მოხსნა მოაგროვა. 13 ქულა, 7 მოხნსა და 4 პასი ჰქონდა ალექსანდრე მერკვილაძეს.
რომელი გუნდი იქნება საქართველოს ნაკრების მეტოქე მეოთხედფინალში, დღეს, მოგვიანებით გადაწყდება. ახლა დაიწყო იმ ჯგუფის ბოლო მატჩი, რომელთანაც ჩვენი ჯგუფის გუნდები მეოთხედფინალში წყვილდებიან. A ჯგუფში ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ საქართველოს ნაკრების მეტოქე პოლონეთი იქნება თუ ესტონეთი, ბელგიაზეა დამოკიდებული. თუკი ბელგია რუმინეთს დაამარცხებს, საქართველო პოლონეთს შეხვდება. თუ ბელგია დამარცხდება, საქართველოს მეტოქე ესტონეთი იქნება. ბელგია-რუმინეთი თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყო.
საქართველო – ირლანდია
სტატისტიკა: 77:63