საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ირლანდიასთან შეხვედრა 5 ქულით – 69:74 (სტატისტიკა) დათმო და ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მაქსიმუმ მე-13 ადგილისთვის იბრძოლებს. შეგახსენებთ, რომ ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე 4-დან 2 მატჩი მოიგო და ბურთების შეფარდების გამო პლეი ოფში ვერ გავიდა, რის შემდეგაც ბრძოლა მე-9 ადგილისთვის განაგრძო. სწორედ საკვალიფიკაციო ბადის პირველი შეხვედრა გახდათ ირალანდიასთან დაპირისპირება, რომლის წაგებამაც საქართველო მე-9 ადგილისთვის ბრძოლას ჩამოაშორა და ახლა დარჩენილი ორივე მატჩი რომ მოიგოს, მე-13 ადგილზე გავა.
ირლანდიასთან მატჩს რაც შეეხება, თანაბარი და დაძაბული გამოდგა. პირველი პერიოდი ქართველებმა 4 ქულით მოიგეს, თუმცა მეორე ამდენივეთი დათმეს და დიდ შესვენებაზე ანგარიში თანაბარი იყო.მესამე პერიოდიც ფრედ – 15:15 დასრულდა და ყველაფერი ბოლო პერიოდში გადაწყდა. თამაშის დასრულებამდე 3:30 წუთით ადრე საქართველო 2 ქულით – 66:64 იგებდა, თუმცა ირლანდიელებმა დაცვისა და სწრაფი შეტევების ხარჯზე მოახერხეს შედეგიანი გაქცევის განხორციელება და 72:66 გალიდერდნენ.
თამაშის დასრულებამდე 45 წამი იყო და ქართველებმა თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ჩვენს გუნდში 15-15 ქულით ავთანდილ ბახტაძე და ალექსანდრე დაუშვილი გამოირჩნენ. 11 ქულა მოაგროვა სულხან საბა შარაშიძემ. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 3 აგვისტოს, რუმინეთთან გამართავს და თუ მოიგო, მე-13 ადგილისთვის უკრაინა-სლოვაკეთს შორის გამარჯვებულს შეერკინება.