სუპერლიგის, ა-ლიგისა და ასაკობრივი ლიგების სამუშაო შეხვედრა ფედერაციის ხელმძღვანელობასთან

სუპერლიგის, ა-ლიგისა და ასაკობრივი ლიგების სამუშაო შეხვედრა ფედერაციის ხელმძღვანელობასთან

16 სექტემბერს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა სუპერლიგისა
და „ა“ ლიგის გუნდების ერთობლივი შეხვედრა, რაზეც გუნდების წარმომადგენლებმა და სუპერლიგის
ხელმძღვანელობამ განიხილეს მოახლოვებული სეზონთან დაკავშირებული საკითხები. აღნიშნულ
შეხვედრის შემდეგ ფედერაციის ხელმძღვანელებს ასაკობრივი ლიგების გუნდების წარმომადგენლებიც
შეხვდნენ ანალოგიური საკითხების განსახილველად.

აღსანიშნავია, რომ როგორც ასაკობრივი, ისე სუპერლიგისა
და „ა“ ლიგის გუნდების ფედერაციის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა უკვე მესამედ გაიმართა.
მხარეებმა ისაუბრეს სამომავლოდ სუპერლიგაში გუნდების შესაძლო გაზრდაზე და ამასთან დაკავშირებულ
არაერთ დეტალზე. ასევე მომავალი სეზონის ზოგად კალენდარზე, ჩემპიონატების გათამაშების
სისტემაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხზე.

ცხარე დისკუსია წარიმართა სუპერლიგის გუნდებში ლეგიონერთა
ლიმიტის განსაზღვრამ. წინასწარი შეთანხმებით, გუნდებს უფლება აქვთ განაცხადში იყოლიონ
5 უცხოელი, ხოლო მოედანზე ერთდროულად მაქსიმუმ 4 მათგანს გაიყვანენ. აღნიშნული რეგულაციის
წინააღმდეგ გამოვიდა გიორგი გამყრელიძე, რომელიც შეხვედრაზე „ა“ ლიგის კლუბ „ტიტებს“
წარმოადგენდა, თუმცა იგი ამავდროულად საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა ასოციაციის
პრეზიდენტი გახლავთ და ბოძებული შემთხვევით ისარგებლა და ქართველი კალათბურთელების
ინტერესები დაიცვა. გამყრელიძის ინიციატივა იყო ლეგიონერთა ლიმიტის შემცირება, რათა
კლუბებში ქართველ მოთამაშეებზე მოთხოვნილება გაზრდილიყო.

ცხარე დებატებისა და არგუმენტების დასახელების შემდეგ
მოხდა შეთანხმება, რომ ზემოთხსენებული ლიმიტი 2017-18 წლების სეზონში ძალაში დარჩება
და ლეგიონერების შემცირების საკითხს მომავალი სეზონისთვის უფრო საფუძვლიანად განიხილავენ.

ეს გახლდათ ბოლო სამუშაო შეხვედრა, ხოლო 1 ოქტომბერს
დუდუ დადიანის მემორიალით საქართველოში ახალი საკალათბურთო სეზონი დაიწყება. ეროვნული
ჩემპიონატის დაწყების თარიღად კი 14 ოქტომბერია შერჩეული.