1 ნოემბერს სტარტს აიღებს 18-წლამდელთა თბილისის ჩემპიონატი კალათბურთში, რომლის მიზანიც დედაქალაქის პრიზიორებთან ერთად იმ 8 გუნდის გამოვლენაა, რომლებიც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საგზურებს მიიღებენ. ანუ აღნიშნულ ტურნირს თბილისის ჩემპიონატთან ერთად საქართველოს პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპი ეწოდება და მისი ორგანიზატორი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი, ხოლო მხარდამჭერი – საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციაა.
ტურნირში 18 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 28 ოქტომბერს გამართულ კენჭისყრაზე 4 ჯგუფში გადანაწილდა. 1 წრის შემდეგ, ჯგუფების 2-2 საუკეთესო (ჯამში 8 გუნდი) მეოთხედფინალში გავა და იმასთან ერთად, რომ საქართველოს ჩემპიონატის საგზურებს მოიპოვებს, საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას განაგრძობს.
კალენდარი დღეს შედგა და გუნდებს დაურიგდათ, ტურნირი კი 1 ნოემბერს დაიწყება და ჯგუფური ეტაპი 6 ნოემბრამდე გასტანს. შემდეგ, (7 ნოემბერს) მეოთხედფინალები და ნახევარფინალები (9 ნოემბერი) გაიმართება, ხოლო ფინალი და მესამე ადგილისთვის მატჩი 10 ნოემბერს ჩატარდება.
იმ გუნდებისთვის, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატის საგზურს ვერ მოიპოვებენ, დაახლოებით ნოემბრის ბოლოს შესაბამისი ასაკის “ბ” ლიგის გათამაშება დაიწყება, რომელშიც ასევე რეგიონის გუნდებიც ჩაერთვებიან.
ყველა მატჩს თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.