თბილისის ჩემპიონი 16-წლამდელთა შორის “კნაუფ-აკადემია” გახდა

თბილისის ჩემპიონი 16-წლამდელთა შორის “კნაუფ-აკადემია” გახდა

თბილისის ჩემპიონი 16-წლამდელთა შორის “კნაუფ-აკადემია” გახდა.

გია კაზანჯიანისა და ვასილ სომხიშვილის გაწვრთნილმა აკადემიელებმა ფინალურ მატჩში “დინამოს” შანსი არ დაუტოვეს და დედაქალაქის საუკეთესო გუნდის ტიტული ირგუნეს.
“კნაუფ-აკადემიამ” თავიდანვე ცხადი გახადა, რომ ჩემპიონობას არ დათმობდა. პირველი მეოთხედი კაზანჯიანის გუნდმა 24:12 მოიგო, მეორეში 19:14 იმარჯვა, ხოლო მესამე პერიოდის შემდეგ მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო – აკადემიელები 27 ქულით იგებდნენ და მათი ტრიუმფი დროის ამბავი იყო.
საბოლოოდ “კნაუფ-აკადემიამ” 91:47 იმარჯვა და თბილისის ჩემპიონი გახდა. აკადემიელებს დავით აფხაზავამ ულიდერა, რომელმაც 19 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. აფხაზავა საბოლოოდ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ტურნირის ბომბარდირი კი “ზაზა 1”-ის მოთამაშე რატი ტოლიაშვილი გახდა.
მესამე ადგილისთვის მატჩში “შსს-აკადემიამ” 1-ელი ექსპერიმენტალური სკოლის გუნდ “ჰიუნდაის” 72:57 აჯობა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა. ტურნირის პრიზიორები თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა და კავშირის წევრებმა დააჯილდოვეს.
ამით დასრულდა თბილისის ჩემპიონატი, რომელმაც დედაქალაქის ჩემპიონი და პრიზიორები გამოავლინა, თან საქართველოს ჩემპიონატისთვის გუნდებიც შეარჩია. ტურნირის საუკეთესო 10 გუნდი ქვეყნის პირველობაზე ითამაშებს. ესენი არიან: კნაუფ-აკადემია, დინამო, შსს-აკადემია, 1-ელი ექსპერიმენტალური სკოლა, ზაზა 1, იმედი, აკადემია 2, მართვე 1, არმია და ჰიუნდაი 2.
16-წლამდელთა თბილისის ჩემპიონატი. 21 ოქტომბერი. კალათბურთის აკადემია
ფინალი
კნაუფ-აკადემია 91:47 დინამო
მე-3 ადგილისთვის
1-ელი ექსპ სკოლა 57:72 შსს-აკადემია

“კნაუფ-აკადემია”

“დინამო”

“შსს-აკადემია”