თენიეშვილმა “აკადემიას” სირენის თანხლებით მოაგებინა

თენიეშვილმა “აკადემიას” სირენის თანხლებით მოაგებინა

“მართვე–2″–ისა და “აკადემიის” მატჩში ანგარიში 91:91 იყო, საფინალო სირენამდე აღარაფერი რჩებოდა, როცა ნოდარ თენიეშვილმა ბურთი უხერხული სიტუაციიდან ისროლა და ჩააგდო…
სირენა სროლამდე გაისმა თუ სროლის შემდეგ, ამას მსაჯები, კომისრები და წამზომთან მჯდარი მდივნები მერე კარგა ხანს არკვევდნენ. მოკლედ, ამ თათბირს უნდა გადაეწყვიტა, მოიგებდა „აკადემია“, თუ თამაში დამატებით ხუთწუთეულში გადაიზრდებოდა. ბოლო სიტყვა წამზომთან მჯდარ გოგონებს არგუნეს, რომლებმაც თქვეს, „აკადემიის“ მოთამაშემ ბურთის სროლა დროის ამოწურვამდე მოასწროო. ასე გაიმარჯვა გია კაზანჯიანის გუნდმა, რომელიც თითქმის მთელი თამაში აგებდა, ერთხანს 10–12 ქულითაც, ტუმცა ბოლო მეოთხედში მოახერხა კახა შენგელიას გუნდის გატეხვა და დრამატულ ფინალში იმარჯვა. თენიეშვილის სროლამდე არანაკლებ საინტერესო სცენები გათამაშდა. მთარავი გამთამაშებლისა და ლიდერის – გიორგი გლოველის გარეშე დარჩენილმა მარტველებმა, რომლებიც ანგარიშში მცირედით ჩამორჩნენ, მოახერხეს და დასრულებამდე წუთნახევრით ადრე 4 ქულით დაწინაურდნენ. აკაკი ლომოურმა უმნიშვნელოვანესი სამიანი ჩააგდო და „აკადემია“ თითქოს განწირული იყო. აქ თამაში საკუთარ თავზე აიღო (მანამდეც ჰქონდა აღებული) მერაბ ბოქოლიშვილმა, რომელმაც ჯერ ჯარიმები ჩააგდო, ხოლო მომდევნო შეტევაში შედეგიანი გარღვევა განახორციელა და ანგარიში გაათანაბრა. „მართვემ“ კი ერთი შეტევის განხორციელება ვერ მოახერხა, ამაში შენგელიას შეგირდებს აკადემიელების პრესინგმა შეუშალა ხელი. ბოქოლიშვილის გარღვევის შემდეგ მართველებს შესატევად 12 წამი ჰქონდათ, მაგრამ კვლავ მეტოქის დაცვის მარწუხებში გაიხლართნენ და ბურთი დაკარგეს. ახლა უკვე „აკადემიას“ გაუჩნდა თამაშის მოგების შანსი, ოღონდ, ბურთის ჩასაგდებად 9 წამი ჰქონდა. დროის ამოწურვას არ დაელოდა და ბოქოლიშვილმა, რომელმაც საბოლოოდ 35 ქულა მიითვალა, სამქულიანი ესროლა, თუმცა ააცილა და თითქოს ოვერტაიმიც გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ… ბურთი აკადემიელმა თენიეშვილმა მოიხელთა და ისე, რომ ხელზე ორი მეტოქე „აჯდა“, „მართვეს“ ფარისკენ ზუსტად სტყორცნა.