18-წლამდელთა საქართველოს ჩემპიონი ფინალურ სერიაში გამოვლინდება, რომელიც დღეს, თბილისი არენაზე გაიხსნა. უძლიერესი გუნდის ტიტულისთვის ვინგსი და თბილისი ბასკეტი იბრძვიან. ფინალური სერიის პირველი მატჩი დრამატული, უაღრესად დაძაბული გამოდგა, რომლის ბედიც ბოლო წამებზე, ვინგსის სასარგებლოდ გადაწყდა, რომელიც სერიაში 1:0 დაწინაურდა.
ფინალური სერია 3 მოგებამდეა და წინ კიდევ არაერთი დაძაბული მატჩია. გულშემატკივრებს საინტერესო ბრძოლები ელით, რომლებმაც დღესაც დიდად ისიამოვნეს მოედანზე გაჩაღებული უშეღავათო ორთაბრძოლით. მატჩი ძალიან თანაბარი იყო თუ არ ჩავთვლით მეორე პერიოდის ბოლოსა და მესამეს დასაწყისს, როცა ვინგსმა 15-ქულიანი ლიდერობა მოიპოვა და თითქოსდა მეტოქე გატეხა, მაგრამ… ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა თბილისი ბასკეტის მოთამაშეებმა ფარ-ხმალი არ დაყარეს, ბოლომდე იბრძოლეს და ჩამორჩენა ჩვეულ 4-5-ქულიან კალაპოტს დაუბრუნეს.
დრამატული გამოდგა ბოლო 3 წუთი. ანდრია მდინარაძის საჯარიმოებით ვინგსი 7 ქულით – 64:57 გალიდერდა, რასაც თბილისი ბასკეტის გაქცევა მოჰყვა. ლევან კვირიკაძემ და გიორგი დარჩიამ ორქულიანები ჩააგდეს, შემდეგ ანდრია მგელაძემაც იხეირა და თბილისი ბასკეტმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა – 63:64.
ვინგსი, რომელიც ამ შეხვედრაში სულ წინ იყო, მოგება ხელიდან ეცლებოდა. ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ ვერ გაუძლო ნიკოლოზ კვანტალიანმა, რომელმაც ორივე საჯარიმო ააცილა და თბილისი ბასკეტი დაწინაურდა – ლევან კვირიკაძემ ჯერ საჯარიმოთი გაათანაბრა, შემდეგ, საფინალო სირენამდე 1 წუთით ადრე, შედეგიანი გარღვევით თბილისი ბასკეტი 66:64 გაალიდერა. ნიკოლოზ გურგენიძეს გათანაბრება შეეძლო, თუმცა მხოლოდ 1 საჯარიმო ჩააგდო. გურგენიძემ დაცვაში იყოჩაღა და ლერი ლობჟანიძეს ჩაუჭრა.
ვინგსის ბოლო შეტევაში გადამწყვეტი სროლის შესრულება გურგენიძემ ითავა, რომელმაც საფინალო სირენამდე 20 წამით ადრე ააცილა. ფარიდან ასხლეტილი ბურთი ვინგსს დარჩა და საფინალო სირენამდე 1 წამით ადრე ირაკლი ახალაიამ ორქულიანი ჩააგდო, თან მეტოქე მასზე დაჯარიმდა. ახალაიამ ეგრეთწოდებული AND1-იც ჩააგდო და ვინგსის სასარგებლოდ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 68:66 (სტატისტიკა). თბილისი ბასკეტს თამაშის გადარჩენის დრო აღარ დარჩა.
გამარჯვების ბურთის ჩამგდები ირაკლი ახალაია ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე სარგებლიანი იყო. მის ანგარიშზე 15 ქულა და 19 მოხსნა დაგროვდა. 17 ქულა და 9 მოხსნა გიორგი ნიკოლაევმა, ხოლო 14 ქულა ანდრია მდინარაძემ მიითვალა. თბილისი ბასკეტის შემადგენლობაში 22 ქულითა და 11 მოხსნით ანდრია მგელაძე გამოირჩა. 16 ქულა და 8 მოხსნა ლერი ლობჟანიძის ანგარიშზეა.
ფინალური სერიის მე-2 შეხვედრა 13 მაისს, თბილისი არენაზე (მაღლივ კორპუსთან) 16:00 საათზე გაიმართება.