შედეგები გალერეადღეს დაიწყო საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის პლეი
ოფი. 4 მეოთხედფინალიდან 2-ს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. რეგულარული
ჩემპიონატის დაუმარცხებლად დამძლევი „ზაზა“, რომელმაც 24 შეხვედრიდან ყველა მოიგო,
პლეი ოფის პირველ წრეში მე-8 ადგილზე გასულ თსუ-ს შეხვდა და დამაჯერებელი სხვაობით
– 88:50 დაამარცხა.
„ზაზას“ 19 ქულითა და 13 მოხსნით ლუკა კალატოზიშვილმა
ულიდერა. 17 ქულა მოაგროვა ლუკა მაზიაშვილმა, ხოლო 12 ქულა ვლადიმერ ალავიძის ანგარიშზე
დაგროვდა. სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდში 14 ქულით საუკეთესო იყო ნიკა ბიძინაშვილი,
ხოლო მეორე თსუ-ელი, რომელმაც 10-ქულიანი ზღვარი დაძლია, 11 ქულის მომგროვებელი ნიკა
ერიაშვილი გახლდათ. „ზაზა“ ნახევარფინალში გავიდა, სადაც „არმიას“ შეხვდება.
მეორე მეოთხედფინალში, რომელშიც არმიელებმა „აკადემია“
დაამარცხეს, დიდი ბრძოლა შედგა. შეხვედრი პირველი მეოთხედი 4 ქულით აკადემიელებმა მოიგეს,
ხოლო დიდი შესვენებისთვის ისინი 2 ქულითღა ლიდერობდნენ. მესამე პერიოდში „არმიამ“ გარდატეხა
მოახდინა, 10-წუთეული 21:16 მოიგო და გადამწყვეტ პერიოდს 3-ქულიანი ლიდერობით შეხვდა.
ბოლო წუთებზე არმიელებმა მოახერხეს უპირატესობის შენარჩუნება და ნახევარფინალში „ზაზას“
შეუწყვილდნენ.
გამარჯვებულებს 25 ქულით და 11 მოხსნით ვატო გაფრინდაშვილმა
ულიდერა. 13 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა გიორგი მეცხოვრიშვილს, ნიკა გოგოხიამ კი შეხვედრა
11 ქულით დაასრულა. „აკადემიაში“ 20 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ოთარ პერტაია,
11 ქულა დააგროვა მიხეილ რევიამ, ხოლო ლაშა მიქელაძისა და შმაგი ქორჩილავას ანგარიშზე
10-10 ქულა დაგროვდა.
დარჩენილი 2 მეოთხედფინალი 8 ივნისს თბილისში და 9 ივნისს
გორში გაიმართება. „ჰიუნდაი“ „სოხუმს“ შეხვდება,
ხოლო „გორი“ „ქუთაისს“ უმასპინძლებს.
ზაზა1 – თსუ 88:50
აკადემია – არმია 70:74