20-წლამდელებმა მორიგი შეხვედრები გამართეს

20-წლამდელებმა მორიგი შეხვედრები გამართეს

დღეს ტურნირში მონაწილე ექვსივე გუნდმა ითამაშა. საკალათბურთო
აკადემიის დარბაზმა სამ მატჩს უმასპინძლა, რომლებიც საკმაოდ საინტერესო და დაძაბული
გამოდგა.

 სანახაობრივი გამოდგა ბოლო შეხვედრა, რომელშიც „შსს-აკადემიამ“ „რუსთავი“
69:64 დაამარცხა.

მატჩის პირველი მეოთხედი „ძალოვნებმა“ იოლად, 24:15
მოიგეს, თუმცა რუსთაველებმა თამაშის გამოსწორება მოახერხეს და მეორე ტაიმიდან ჩამორჩენის
გაბათილებას შეუდგნენ. თორნიკე ქიტოშვილისა და ერეკლე ლორთქიფანიძის შედეგიანობის ხარჯზე  ქვემოქართლურმა გუნდმა ბოლო პერიოდის დაწყებამდე სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა. 
ყველაფერი ბოლო ათწუთეულში გადაწყდა. გადამწყვეტ მომენტში
უფრო მობილიზებულები აკადემიელები აღმოჩდნენ, რომლებმაც სეზონის მეოთხე გამარჯვება
მოიპოვეს. შსს-ელებს რევაზ როგავამ ულიდერა, რომელსაც სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა. აკადემიელთა გამთამაშებელმა 15 ქულა, 9 პასი და 8 მოხსნა მოაგროვა.  სამმაგი დუბლის ავტორი გახდა მისი თანაგუნდელი
მერაბ მირზიაშვილი, რომლის ანგარიშზეც 11 ქულა, 13 მოხსნა და 11  დაფარებაა. 

არანაკლებ დაძაბული იყო „დინამოსა“ და „ჰიუნდაის“ დაპირისპირება.
დინამოელებმა შეხვედრა უკეთ დაიწყეს, მაგრამ ბრძოლის ხარჯზე ჰიუნდაელებმა თამაში გაათანაბრეს
და შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა. მატჩის ბოლო მეოთხედში ნიკო ჩერქეზიშვილის
გაწვრთნილმა „ჰიუნდაიმ“ მეტი სიზუსტე გამოიჩინა და სამი საწყისი მარცხის შემდეგ ჩემპიონატში
პირველი გამარჯვება იზეიმა.
გამარჯვებულთაგან საუკეთესო ლუკა ზაქრაძე გახლდათ, რომელმაც
23 ქულასთან ერთად 8 პასი, 7 მოხსნა და 6 ჩაჭრა მოაგროვა. 20 ქულა ჰქონდა კახა გიორგაძეს,
კახა ტომარაძემ კი შეხვედრა 18 ქულით დაასრულა.

მესამე მატჩში დიამეტრალურად განსხვავებული სცენარით
წარიმართა. „სოხუმმა“ პირველი ტაიმი 30:25 მოუგო „ოლიმპს“, მაგრამ მეორე ნახევარში
სპორტის სამინისტროს გუნდმა მატჩში გარდატეხის შეტანა და გამარჯვების მოპოვება მოახერხა. ოლიმპელთაგან
16 ქულით ბომბარდირი საბა ლობჟანიძე გახდა, რომელსაც ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.
სოხუმში კი ორმაგი დუბლი ორმა კალათბურთელმა მოაგროვა: ლერი კვანტალიანმა (17 ქულა,
14 მოხსნა) და ოთო ბულიავამ (15 ქულა, 14 მოხსნა).

    მომდევნო მატჩი, 16 ნოემბერს რუსთავში, ადგილობრივ გუნდსა
და „ოლიმპს“ შორის გაიმართება.