დღეს, თბილისში სტარტი აიღო ევროპის 20-წლამდელთა ჩელენჯერმა, რომელშიც მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილ საქართველოსთან ერთად საფრანგეთის, გერმანიის, თურქეთის, პოლონეთისა და ბულგარეთის ნაკრებები მონაწილეობენ.
პანდემიის გამო კვლავ არ ჩატარდა ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატები და ფიბა-მ გადაწყვიტა 5-6-გუნდიანი ჩელენჯერების ჩატარება. ევროპის ქვეყნები დაიყო 3 კატეგორიად და ჩელენჯერები ამ ნიშნით განაწილდა. საქართველო მოხვდა კონტინენტის წამყვან 18 გუნდში და შესაბამისად, თბილისის ჩელენჯერში საასპარეზოდ ევროპის რამდენიმე წამყვანი საკალათბურთო ქვეყნის ნაკრები ჩამოვიდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო ევრობასკეტ 2022-ის მასპინძელია და წლეულს 20-წლამდელთა B დივიზიონისთვისაც უნდა ემასპინძლა, მაგრამ ზემოთნახსენები პანდემიური მიზეზის გამო მასშტაბური ტურნირის ნაცვლად რამდენიმეგუნდიანი ჩელენჯერის ჩატარება გადაწყდა. ევროპის მოწინავე დივიზიონის გუნდები ჯამში 4 ჩელენჯერს თამაშობენ – უნგრეთში, ჩეხეთში, საბერძნეთსა და საქართველოში.
პირველ სათამაშო დღეს, 20 ივლისს პირველი ტურის 3 მატჩი გაიმართა. პირველ შეხვედრაში გერმანიის ნაკრებმა დამაჯერებლად – 87:66 (სტატისტიკა) დაამარცხა პოლონეთი, ხოლო თურქეთმა ბულგარეთს სძლია – 78:71 (სტატისტიკა).
საქართველოს ნაკრების მეტოქე ამ ასაკში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი – საფრანგეთის ნაკრები იყო. მილოშ გლიგორიევიჩის და მისი ასისტენტების – ირაკლი ძიძიგურისა და ჯაბა ბაქრაძის გაწვრთნილმა ჩვენმა ნაკრებმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია ფავორიტ ფრანგებს. მართალია, საბოლოოდ ქართველები 21 ქულით – 63:84 (სტატისტიკა) დამარცხდნენ, მაგრამ ანგარიშში სხვაობა ბოლო პერიოდში გაიზარდა. მანამდე ქართველები შანსს ინარჩუნებდნენ და მეტოქეს წინ გაჭრის საშუალებას არ აძლევდნენ.
მილოშ გლიგორიევიჩი ეროვნულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტია და ზოგადად, ასაკობრივი ნაკრების ამოცანა ეროვნული გუნდისთვის მოთამაშეების მომზადებაა. შედეგიც კარგია, მაგრამ არის შემთხვევები, როცა მართლაც ძლიერ მეტოქეს ეთამაშები და ეს შანსი უპირველესად გამოცდილების მისაღებად, თამაშის სწავლა-დასახვეწად უნდა გამოიყენო. ამ კუთხით საფრანგეთთან დაპირისპირება ძალიან სასარგებლო იყო საქართველოს ნაკრებისთვის, რომელმაც ღირსეულად იბრძოლა და სპორტის სასახლეში მოსული არცთუ მცირე მაყურებელი იმედიანად განაწყო.
მატჩის ბოლო 3 წუთი ითამაშა 2007 წელს დაბადებულმა (13 წლის) ავთანდილ ბახტაძემ, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩელენჯერის თამაშებს მწვრთნელთა შტაბი ახალი თაობის აღმოსაჩენად, ტალანტების გამოსაცდელად და მომავალზე ორიენტირებული იდეებით უყურებს.
21 ივლისს მეორე ტურში საქართველოს ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება, მანამდე კი პოლონეთი ბულგარეთს, გერმანია კი საფრანგეთს შეხვდება.