გალერეა
საქართველოს
20-წლამდელთა ჩემპიონატი საკალათბურთო აკადემიაში განახლდა, სადაც დღეს 2 მატჩი გაიმართა,
რომელთაგან 1 საინტერესო და დაძაბული გამოდგა, მეორე კი – ნაკლებად.
7 მოგებითა და
4 წაგებით მეორე ადგილზე მყოფმა „აკადემიამ“ „მგზავრები-არმიას“ სძლია. მატჩი არმიელთა
სოლიდური უპირატესობით დაიწყო. შეხვედრის მე-5 წუთზე დიმიტრი ჟაკობოვის გუნდი 16:4
იგებდა, თუმცა აკადემიელებმა აქცენტი შორ სროლებზე გააკეთეს და გაუმართლათ კიდეც. პირველი
მეოთხედის ბოლომდე 3 სამქულიანი ნიკა ღურწკაიამ ჩააგდო, ერთიც ნიკა ცინცაძემ და პერიოდი
გელა წულაძის გუნდმა 29:26 მოიგო.
მეორე პერიოდიდან
შორი სროლების ესტაფეტა ნიკა ლეონიძემ და გიორგი ცხოვრებოვმა გადაიბარეს და მატჩის
ბოლომდე აკადემიელებს აღარ გასჭირვებიათ. მთლიანობაში წულაძის გუნდის წევრებმა 14 სამქულიანი
ჩააგდეს, რითაც გამარჯვებისკენ მიმავალი გზა გაიიოლეს.
საბოლოოდ, „აკადემიამ“ დამაჯერებელი სხვაობით – 101:86 იმარჯვა
და ცხრილში მეორე ადგილზე გამაგრდა. აღსანიშნავია, რომ 20-წლამდელებში პირველად ითამაშეს
აკადემიის სკოლის აღსაზრდელებმა – 18-წლამდელთა გუნდის წევრებმა – გიორგი ცხოვრებოვმა,
ნიკა ლეონიძემ და გიორგი გვიანიძემ. ამ ტრიომ მთლიანობაში 39 ქულა ჩააგდო, საიდანაც
23 ქულა ცხოვრებოვის ანგარიშზეა. საუკეთესო კი 38 ქულის, 13 მოხსნის და 6 პასის მიმთვლელი
ნიკა ღურწკაია გახდა.
მეორე მატჩში
„ოლიმპმა“ ერთი ამოსუნთქვით – 108:67 დაამარცხა „სოხუმი“. მატჩის ბედი პირველივე ტაიმში
გადაწყდა. ოლიმპელები სწრაფად და რაც მთავარია შედეგიანად თამაშობდნენ. მწვრთნელებმა
– ლევან ქარაბაკმა და ირაკლი მაისურაძემ სათამაშო დრო თითქმის თანაბრად გადაანაწილეს.
შესაბამისად, შედეგიანობაც გადანაწილდა.
ბომბარდირი ოლიმპელთა
ახალწვეული დავით ლომიძე გახდა, რომელმაც პირველი წრე „მგზავრები-არმიაში“ ჩაატარა.
მან თავის ახალ გუნდს 16 წუთში 18 ქულა შესძინა. 15 ქულა დააგროვა ნუგზარ აბულაძემ,
ხოლო კახა ტომარაძის ანგარიშზე 14 დაგროვდა. სოხუმელთაგან ყველაზე მეტი – 15 ქულა ტატო
ზუზაძემ მიითვალა.
ჩემპიონატის ერთ შეხვედრას დღეს რუსთავმაც უმასპინძლა, სადაც სათამაშოდ ,,მაქაბი” ჩავიდა. მართალია, სტუმრებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს და პირველ პერიოდში ლიდერობაც მოიპოვეს, თუმცა რუსთაველებმა ჩამორჩენა პირველივე ტაიმში აღმოფხვრეს. თამაშის მეორე ნახევრიდან კი ლიდერობას დაეპატრონნენ. გიგი გოგობერიშვილმა, რომელმაც 6-დან 5 3-ქულიანი ჩააგდო, რუსთაველებს 31 ქულით ულიდერა. მასპინძლებმა ბოლო პერიოდში გარდამტეხი უპირატესობა მოიპოვეს და გამარჯვებამდე მშვიდად მივიდნენ – 97:80.
გოგობერიშვილთან ერთად, ,,რუსთავის” რიგებში გამოირჩა თორნიკე ქიტოშვილი, რომელიც სამმაგი დუბლის (13 ქულა, 13 მოხსნა, 13 პასი) ავტორი გახდა. გიორგი დვალის ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა, ირაკლი წიქარიშვილმა კი 13 ქულა მიითვალა.
,,მაქაბელებს” 31 ქულით და 19 მოხსნით დავით ქარციძემ ულიდერა, 24 ქულა ჰქონდა თორნიკე გოგელაშვილს, რევაზ მაღლაფერიძეს კი – 10.
მატჩისშემდგომი კომენტარები
აკადემია – მგზავრები-არმია 101:85
გელა წულაძე(,,აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი):
ძალიან კმაყოფილი ვარ. ფაქტობრივად, ნახევრად შეცვლილი გუნდით ვითამაშეთ, თუმცა ბიჭებმა
ყველა დავალება ზუსტად შეასრულეს და ძალიან კარგად ითამაშეს.
დიმიტრი ჟაკობოვი(,,მგზავრები-არმიის’’ მთავარი მწვრთნელი):
პირველ რიგში, მივულოცავ მეტოქეს დამსახურებულ გამარჯვებას. ,,აკადემიის’’ გუნდმა თავიდანვე
მოიპოვა თამაშზე კონტროლი და ბოლომდე შეინარჩუნა უპირატესობა, ყველა კომპონენტში გვაჯობეს.
ამ წაგებით სატურნირო ცხრილში მდგომარეობა ძალიან გავირთულეთ. შევეცდებით, სწორი ანალიზი
გავაკეთოთ და შეცდომები გამოვასწოროთ.
სოხუმი – ოლიმპი 67:108
თემურ კანკია(,,სოხუმის’’ მთავარი
მწვრთნელი): ,,ოლიმპი’’ ჩვენზე ბევრად ძლიერი გუნდია და ლოგიკური
იყო, რომ გაიმარჯვა. თუმცა, ამხელა სხვაობით არ უნდა წაგვეგო, ალბათ, არ გვქონდა სათანადო
განწყობა მატჩის წინ და ამანაც იმოქმედა. ვულოცავ ,,ოლიმპს’’ მოგებას, ვფიქრობ, ეს
გუნდი ჩემპიონატის მთავარი ფავორიტია.
ირაკლი მაისურაძე(,,ოლიმპის’’ მწვრთნელი):
იქიდან გამომდინარე, რომ ლატვიაში ძალიან ნაყოფიერი და შედეგიანი შეკრება გავიარეთ,
ველოდებოდი, რომ ბიჭები კარგ თამაშს აჩვენებდნენ. ორმაგად სასიხარულოა, რომ ყველა მითითება
ზუსტად შეასრულეს და დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ.
რუსთავი – მაქაბი 97:80
ოთარ ხმელიძე(,,რუსთავის” მთავარი მწვრთნელი): მიუხედავად ანგარიშისა, მთელი სამი პერიოდი დაძაბული თამაში მიდიოდა. ბიჭებმა მოდუნებულებმა დაიწყეს, ფიქრობდნენ, რომ ადვილად მოიგებდნენ. საბედნიეროდ, მოვახერხეთ თამაშის დალაგება, გამოსწორება და გავიმარჯვეთ. განსაკუთრებით კარგად ითამაშეს გოგობერიშვილმა, ქიტოშვილმა, წიქარიშვილმა.. თანდათან ვაუმჯობესებთ თამაშს, რა იქნება, ამას მომავალი გვიჩვენებს,
ლაშა ელბაქიძე(,,მაქაბის” მწვრთნელი): პირველი და მეორე პერიოდი ძალიან კარგად ჩავატარეთ, თუმცა მეორე ნახევარში ბევრი შეცდომა დავუშვით, ცუდად ვითამაშეთ და დავმარცხდით. შევეცდებით, ეს ხარვეზები ვარჯიშებზე გავაანალიზოთ და გამოვასწოროთ.